ლგბტ კვირეული

დიაკონი ირაკლი: სამარცხვინოა სასულიერო პირების ტაშის კვრა აგრესიასა და სიძულვილზე

ახლა მოვუსმინე ლევან ვასაძის გამოსვლას და გაოგნებული ვარ რამდენიმე გარემოების გამო: ერთი, რომ ამ შეკრებას, სამარცხვინოდ, სასულიერო პირები ესწრებოდნენ და მასთან ერთად ხითხიდებდნენ და ტაშს უკრავდნენ ყველა მის აგრესიულ და სიძულვილის ენით მოწოდებულ იდეებს; კიდევ უფრო სამწუხარო, რომ ამ ადამიანის იდეებთან ასე ახლო დგას საქართველოს ეკლესიის ცენტრალური მმართველობა და რიგი ეპისკოპოსები; მეორე იმით ვარ შეშფოთებული, როგორც მოქალაქე ამ ბედკრული საქართველოსი, რომ ადამიანი ასე საჯაროდ აგრეულობას, დესტრუქციულ ქმედებებს, დაუმორჩილებლობას კანონისა და პოლიციის მიმართ აცხადებდეს, ქმნიდეს რაღაც გაურკვეველ დაჯგუფებებს სახელმწიფო აპარატის წინააღმდეგ, რითად საფრთხის ქვეშ აყანებდეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, და ეს ადამიანი, ან უფრო არაადამიანი, კიდევ გარეთ იყოს და არ იყოს მიცემული სამართლებლივ პასუხისმგებლობას... ქვეყანაა თუ ბეღელი?!

P.S. არც მეორე, დაპირისპირებული მხარე მგონია ანგელოზი. ორივე მხარის მამონა კი ფული მგონია. ხოლო როგორც ერთი ფსიქოლოგი იტყოდა, „თავი დაანებეთ საკუთარი სექსუალური ფანტაზიების რეალობად გასაღებას".

დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა ლევან ვასაძის და სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ განცხადებებს ეხმიანება. ცნობისთვის, 16 ივნისს, ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების" შეკრებაზე, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თქვა, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან. მისი თქმით, რაზმები გაინაწილებენ ქალაქს და ერთი კვირის განმავლობაში, ყველგან, სადაც პრაიდის ღონისძიებები გაიმართება, ლგბტ აქტივისტებს ხელებს შეუკრავენ ქამრებით და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ამასთან, ვასაძის თქმით, თუ კორდონის გარღვევისას პოლიცია წინააღმდეგობას გაუწევთ, კომბლებით "გასცემენ პასუხს". შსს-მ ლევან ვასაძის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები