ლგბტ კვირეული

მამა ლეონი: შეპყრობილია ყველა მღვდელი და საერო, ვინც მოძალადეებს ზურგს უმაგრებს

იესომ ჰკითხა მას (შეპყრობილს): რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან მრავალნი ვართ." (მკ.5)

ნამდვილად სწორად შეურჩევია სახელი რაინდადწოდებულს! უწმინდური სულითაა შეპყრობილი ყველა, ვინც სხვაზე ძალადობით ხარობს! შეპყრობილია ყოველი ადამიანი, ვინც ძალადობას ამართლებს! შეპყრობილია ყოველი მღვდელი თუ საერო ვინც მოძალადეებს ზურგს უმაგრებს!

იესომ საკუთარი ჯვარცმით არა ტანჯვა, არამედ სიყვარული გვასწავლა. ჯვარცმა ესაა სიყვარულის მაგალითი - გულწრფელი სიყვარული მათ მიმართაც კი, ვისაც იგი სძულდა.

იესოს რწმენის გავრცელებას კი მუდამ უნდა ახლდეს პავლე მოციქულის სიტყვების გააზრება - "ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული" (გალ.6). ადამიანი რომელიც სხვაზე (რა ცოდვაშიც არ უნდა იყოს ის სხვა ჩავარდნილი) ძალადობს, ამ ტვირთს არიდებს თავს და შესაბამისად რჩება ქრისტეს რჯულს გარეთ!

მღვდელმონაზონი ლეონ გელოვანი ლევან ვასაძის და სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ განცხადებებს ეხმიანება. ცნობისთვის, 16 ივნისს, ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების" შეკრებაზე, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თქვა, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან. მისი თქმით, რაზმები გაინაწილებენ ქალაქს და ერთი კვირის განმავლობაში, ყველგან, სადაც პრაიდის ღონისძიებები გაიმართება, ლგბტ აქტივისტებს ხელებს შეუკრავენ ქამრებით და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ამასთან, ვასაძის თქმით, თუ კორდონის გარღვევისას პოლიცია წინააღმდეგობას გაუწევთ, კომბლებით "გასცემენ პასუხს". შსს-მ ლევან ვასაძის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები