თბილისი პრაიდი

მამა ლეონიდე: ცოდვილი ადამიანი ღვთისთვის აბსოლუტური ფასეულობაა

თავისი მოყვასის შეურაცხმყოფელი სცოდავს, საბრალოთა თანამლმობი კი ნეტარია" (იგავნი 14:21).

ბოლო დღეებში სლოგანურად იქცა "გძულდეს ცოდვა და გიყვარდეს ცოდვილი". 
ეს ფრაზა იმდენად ბანალური გახდა, რომ ვეღარც კი ვიაზრებთ რა იგულისხმება მასში. არა და მიმდინარე მოვლენები გვიბიძგებენ ყველა ქრისტიანს, განსაკუთრებით სასულიერო პირებს, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური, კულტუროლოგიური და თუნდაც ეთიკური მსჯელობები და უკომპორომისოდ დავიწყოთ ღვთის სიტყვის ქადაგება, სანამ რამ საშინელი მომხდარა.

ქრისტიანობისათვის ცოდვილის სიყვარული არ არის რაღაც აბსტრაქცია, ან ცარიელი სიტყვა; ეს სიყვარული, რომელიც პირველად ღმერთმა გამოავლინა ადამიანთა მიმართ და ავლენს ყოველდღიურად ჩვენს დაცემულ რეალობაში, არის ის ძალა, რაც აბსოლუტურ ფასეულობად აქცევს პიროვნებას. როდესაც შენს წინ დგას ყველაზე ცოდვილი ადამიანი, ის ზუსტად ისევე უყვარს ღმერთს, როგორც სხვა ყველა, ის ღვთისათვის ზუსტად იგივე ფასეულობას წარმოადგენს, როგორც სხვა ყველა. 

ეს არის ყველაზე მაღალი და რთული გზა ასკეტიკისა, არა მარხვა, არა შრომა, არა მღვიძარება ან მდუმარება, არამედ სხვისი, განსხვავებულის აბსოლუტურ ფასეულობად აღქმა. რადგან უპირველესად ღმერთმა აღგვიქვა თითოეული ჩვენგანი აბსოლუტურ ფასეულობად, რადგან იესო ქრისტემ "თუმცა ღვთიური ბუნებისა იყო, მისატაცებელ რამედ არ ჩათვალა ღვთის თანასწორად ყოფნა, არამედ წარმოიცარიელა თავი მონის ხატება რომ მიიღო, გახდა რა მსგავსი ადამიანებისა" (ფილიპ. 2:6-7).

ამ პესპექტივაში სიყვარულის ნაყოფი არის ხელშესახები და რეალური: თანალმობა! 
როგორც წმინდა ისააკ ასური წერს, არაფერი ისე არ მიამსგავსებს ადამიანს ღმერთს, როგორც ცოდვილის თანალმობა. 
მასთან, ვინც ცოდვილია, ქრისტიანის ერთადერთი სწორი დამოკიდებულება შეიძლება თანალმობა იყოს, რადგან როგორც წმინდა მამა შენიშნავს: "თუ აღტყინებული ხარ ვინმეს წინააღმდეგ, თავგამოდებული რწმენის ან მისი ცუდი საქმეების გამო და მას ბრალს სდებ და ამუნათებ, იფხიზლე [...] რომ არ შეგიპყროს სხვების გამოსწორების ვნებამ, რომელიც არის ძალიან საშიში და ძლიერი ცდუნება [...] ხოლო თუ გაქვს სიკეთე და მართლა გსურს ცოდვილის მოქცევა, მიიღე ტანჯვა მისი გულისთვის. ცრემლითა და სიყვარულით უთხარი მას ერთი-ორი სიტყვა, მრისხანებისა და ღელვის გარეშე, მტრობისა და ძალადობის ნიშნებს განშორებულმა

წერს მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე Facebook გვერდზე.

კომენტარები