რუსული ოკუპაცია

ბაქრაძე: გავრილოვი იმ დარბაზში პარაშუტით ჩამოსვა ვინმემ? თუ გვირაბით ამოვიდა?

ის, რაც მოვისმინეთ, იყო არა ბოდიში, არამედ საზოგადოების დაცინვა. პოლიტიკური ლიდერები გამოდიან და მიამიტური სახეებით იძახიან - უიმე, რა ცუდი იყო, რომ გავრილოვი ვნახეთ იმ დარბაზშიო. უკაცრავად, გავრილოვი იმ დარბაზში პარაშუტით ჩამოსვა ვინმემ? თუ გვირაბით ამოვიდა? გავრილოვი საქართველოში ჩამოიყვანა ქართულმა ოცნებამ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე გავაფრთხილეთ, ეს კაცი არ შემოეშვათ საქართველოში, შემოუშვეს და შემოიყვანეს. გავრილოვი საქართველოს პარლამენტში შემოიყვანა ქართულმა ოცნებამ, გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვა ქართულმა ოცნებამ, ამიტომ მიამიტური სახეებით გამოსვლა და "ვაიმე, როგორ დავითრგუნე და გავნადგურდი, რომ გავრილოვი იმ სავარძელში ვნახე", ეს არის თვალში ნაცრის შეყრა და საზოგადოების მოტყუება

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა დღეს პარლამენტში იყო დაგეგმილი. იმ ფაქტმა, რომ რუსი დელეგატი, დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავეს. სიტყვიერი დაპირისპირებების შემდეგ გადაწყდა, რომ ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ ჩატარდება. გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანა დაგმო ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა, ასევე პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. ღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

კომენტარები