აქცია რუსთაველთან

ნოდია: სრულად პროპორციული არჩევნების წესს ხელისუფლება დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს

ხელისუფლებამ მორალური ლეგიტიმურობის ის ნარჩენებიც დაკარგა, რაც ჰქონდა. მაგრამ ეს სიხარულის საფუძველი არ უნდა იყოს - ეს ქვეყნისთვის, სახელმწიფოებისთვის უდიდესი საფრთხეა. ქვეყანას ლეგიტიმური ძალაუფლება სჭირდება. ჩვენი ყველას საერთო ინტერესია პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნება, თუმცა ეს ძალიან ძნელია.

ოპოზიციის მხრიდან ეს უნდა ნიშნავდეს სადღაც შევარდნის და რაღაცის დაკავების ცდუნებაზე უარის თქმას. ცდუნება არსებობს, თითქოს რევოლუციური მომენტია, მაგრამ კარგი ამას არაფერი მოყვება.

მეორეს მხრივ, მშვიდობიანი მასობრივი პროტესტი გამართლებულიცაა და აუცილებელიც. ოღონდ სრულიად არაპროდუქტიული იქნება, რომ მათ რომელიმე ერთი პარტია მოექცეს სათავეში (თუნდაც ამ წუთში „კოალიცია“ ერქვას). ვიცი, რომ ძალიან ძნელია, მაგრამ წამყვანმა პარტიებმა სიმწიფე უნდა აჩვენონ იმით, რომ ქმედებების რაღაც გეგმაზე შეთანხმდნენ, რაც რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იქნება მისაღები - მათ შორის იმ არაპარტიული აქტივისტებითვისაც, ვისი ინიციატივითაც გუშინდელი აქცია საერთოდ შედგა.

კრიზისიდან გამოსასვლელად ხელისუფლებამ არაორდინარული ნაბიჯები უნდა გადადგას. 2007 წელს პრეზიდენტი გადადგა - ახლა ეს შეუძლებელია, რადგან არაფორმალური ლიდერი ვერ გადადგება. კობახიძის და გახარიას გადადგომა აუცილებელია, მაგრამ უკვე არასაკმარისი.

რაკი სრულად პროპორციული არჩევნების წესი არის ის, რაც საზოგადოებას ასე თუ ისე აერთიანებს, ხელისუფლება ამას დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს.

არ ვიცი, ესეც საკმარისი იქნება თუ არა, რომ საქმეს ეშველოს, მაგრამ აუცილებელი კია

პოლიტოლოგი გია ნოდია საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლის შესახებ.

კომენტარები