რუსული ოკუპაცია

მინდიაშვილი: ბიბლია არის ყველაზე საკრალური და მონუმენტური ანტისაოკუპაციო წიგნი

გუშინ საქართველოს ეკლესიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ეპარქიის, ქუთაის - გაენათის დროებით დანიშნულმა ეპისკოპოსმა, იოანე გამრეკელმა, ასეთი რამ თქვა: დამირეკოს ბექა მინდიაშვილმა, და მიპასუხოს, სად წერია სახარებაში, რომ ოკუპანტს ვუთხრათ, გაეთრიეო. არ შეიძლება ამის თქმა, რადგან მტერი უნდა გვიყვარდესო.

შეგახსენებთ, რომ იოანე გამრეკელს გამოქვეყნებული აქვს ვრცელი საპროგრამო სტატია, სადაც დასავლური ორიენტაციის დამღუპველობასა და რუსული კურსის აღების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, სადაც საუბრობს იმაზე, თუ სულიერად როგორ გვანადგურებს ევროპა და ამერიკა და, მეორე მხრივ, გადაგვარჩენს რუსეთი. სტატია გამოქვეყნებულია ევრაზიონისტურ ჟურნალში, რომლის ფურცლებზე იბეჭდებოდნენ გულბაათ რცხილაძე, ირაკლი ყიფიანი, შოთა აფხაიძე და სხვ.

რა შეიძლება ამ უგუნურებაზე ითქვას. უპირველეს ყოვლისა ის, რომ თვითონ ბიბლია არის ყველაზე საკრალური და მონუმენტური ანტისაოკუპაციო წიგნი. მთელი ძველი აღთქმა ოკუპაციისადმი გამუდმებული წინააღმდეგობაა, ხოლო ახალ აღთქმის წიგნები, მეტი რომ არ შეიძლება ისე მკაფიოდ გვიჩვენებს, რა კატასტროფამდე მიყავს ოკუპაციასა და კოლაბორაციას საზოგადოება, სინოდი, ადგილობრივი მარიონეტული მმართვეელობა, ინტელიგენცია - ფარისევლები და მწიგნობრები, ზოგადად - ადამიანი. სწორედ ოკუპაციის პირობებში ხდება შესაძლებელი ქრისტეზე, უდანაშაულო, უბრალო ადამიანსა და ღმერთზე ძალადობა, მისი გასამართლება და სასტიკი დასჯა. მაცხოვარს იმპერიული კანონდმებლობით და იმპერიის სახელით ამათრხებს, დასცინის, ჯვარს აცმევს ოკუპაციური ხელისუფლება და მორალურად გახრწნილი კოლაბორანტი სამღვდელოება.

გარდა ამისა, იოანე გამრეკელი ეწინააღმდეგება "ჩვეულებისაებრ მამულისა სვლის" პრინციპსაც, რომლის თანახმად, მართლმადიდებელი ქრისტიანი ვალდებულია, დამპყრობისგან, სიტყვით და საქმით, იცავდეს მეორე ადამიანს, ოჯახს, ეკლესიას, სამშობლოს, - ეს არის სარწმუნოებრივი, ეროვნული და, უბრალოდ, უნივერსალური ადამიანური მორალის ფუნდამენტი. ეს არის ის თვითშეგნება, რომლითაც მოქმედებდნენ საქართველო წმინდა მეფეები და მღვდელმთავრები. ამიტომ, იოანე გამრეკელმა, ჯერ წმ. დავით აღმაშენებელს, წმ მეფე თამარს, წმ. ილია ჭავჭავაძეს, წმ. კირიონ კათალიკოსს, წმ, ამბროსი ხელიას მიმართოს ამ შეკითხვით. შემდეგ, მეც დავურეკავ და მოვახსენებ, რას ვფიქრობ მტრის სიყვარულზე

წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები