საქართველოს პარლამენტი

ფოფხაძე: სადაც არის გახარია, იქ არის სისხლი და ცხედრები - ეს არის რეალობა

ჩვენ ერთიანი მორალური სტანდარტი უნდა გვქონდეს. არ შეიძლება 7 ნოემბერს, 26 მაისს ვაფასებდეთ ერთი სტანდარტით, იმიტომ, რომ იქ უშუალო მონაწილეები ვართ, თუმცა ყველაზე არ ვამბობ, რადგან მათი ნაწილი მაშინაც მეორე მხარეს იყო. ეს ერთიანი სტანდარტი საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ელემენტარული მორალი. 7 ნოემბერსაც გვეძახეს, რომ ჩვენ ვართ აგენტები, გვინდა დავამხოთ ხელისუფლება, ამ მოტივით შეიჭრა მაშინ ხელისუფლება "იმედში" და აიღო ტელეკომპანია. რაც ხდებოდა 20 ივნისს, იმას არანაირი მორალური სტანდარტი არ აქვს. ჩვენ ომი გამოვუცხადეთ საკუთარ ხალხს. მეტიც, არც გამოვუცხადეთ, გამოცხადების გარეშე დაიწყო ეს ყველაფერი. 15 წუთით ადრე პრემიერი გვპირდებოდა ყველას, რომ ეს არ არის "ქართული ოცნების" სტანდარტი, რომ სისხლი არ დაიღვრება, რეზინის ტყვიები არ იქნება, მომწამლავი გაზი არ იქნება. 15 წუთის მერე ამ განცხადებიდან დაიწყო შტურმი საკუთარ ხალხზე და იქ "ნაციონალების" ფაქტორით ამ ყველაფრის გადაფარვა ამორალურია. გახარია სამეგრელოში იყო და იმ საარჩევნო კამპანიას შეეწირა ჩემი მეგობრის დედა, ია კერზაია, იმ ტერორს, რომელიც სამეგრელოში ხდებოდა და აქ რაც მოხდა, ეს ელემენტარული ძალადობაა. ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ გინდათ დაიცვათ გახარია, მაგრამ მე ჩემს სათქმელს ვიტყვი, რადგან ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი. 'ნაციონალური მოძრაობა" არაა ახლა ამ დარბაზში. მე ვარ და მე გაგცემ პასუხს. ნაციონალური ზონდერებითაა გავსებული ძალოვანი სტრუქტურები. მოსამართლეები სულ "ნაციონალი" ზონდერები არიან. ეს ახალია ვინმესთვის? ქართული ოცნების "ნაციონალიზაცია" რომ დამთავრდა 20 ივნისს, ეს არის მთავარი შედეგი ამ ყველაფრის. ამას ან ყველა თვალს გავუსწორებთ ან ყველა სიცრუეში ვიცხოვრებთ. სადაც არის გახარია, იქ არის სისხლი და ცხედრები - ეს არის რეალობა

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

კომენტარები