გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა

წულუკიანი: ვერ დაგეთანხმებით, რომ ვინმე, მათ შორის გახარია პასუხისმგებლობას გაურბის

იმისგან განსხვავებით, რასაც ჩვენ ეს დღეები ვისმენთ, მათ შორის მედია საშუალებების წარმომადგენლებიდან, ვერ დავეთანხმები ვერავის, გიორგი გახარია არ გაურბის არანაირ პასუხისმგებლობას. ჩემთვის ეს ინტერვიუ, რომელიც ორი საათი გრძელდებოდა, ნიშნავს, რომ არავინ, მათ შორის არც ბატონი გახარია არ გაურბის პასუხისმგებლობას. პირიქით, მან ბრძანა, რომ ბრძანების გაცემის თემაზე ეს არის მისი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის ზომა. ეს არის მისი სიტყვები. შესაბამისად, ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ვინმე პასუხისმგებლობას გაურბის. გვარები და სახელები, ვინ რა ბრძანება გასცა, ეს მე არ ვიცი და ამაზე გამოძიება უნდა ჩატარდეს. სავარაუდოდ, ეს არ იყო ერთი ბრძანება, ეს იყო რამდენიმე ბრძანება ან ხანდახან, რისი უფლებაც აქვს საქმესთან მებრძოლ ადამიანს, ინდივიდუალური გადაწყვეტილება

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა. 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი, ანტირუსული აქცია სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და ბოლოს წყლის ჭავლით დაშალა. ათასობით ადამიანი რუსთაველის გამზირზე უკვე მე-8 დღეა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, გადადგომას ითხოვს

კომენტარები