რუსული ოკუპაცია

ხუხაშვილი ხელისუფლებას: ნუ გექნებათ იმედი, რომ “ბაბაიას” დაძახებით დათვს ისევ მიაძინებთ

ყველა შევთანხმდით, რომ გაბუნიას საქციელი არ ჯდება არა თუ პროფესიული, არამედ პიროვნული ეთიკის და ღირსების ჩარჩოებში.

მაგრამ, ბევრად უფრო შემაშფოთებელი სურათი აჩვენა რიგში ჩამდგარი ხელისუფლების წარმომადგენლების პანიკურმა განცხადებებმა, რომ ვინმე გაბუნიას განცხადებებმა ლამის ომის ზღვარზე დააყენა ქვეყანა. 

1. დამშვიდდით ბატონებო, არ არსებობს ბუნებაში ომი, რომელიც ჟურნალისტის გინებას შეიძლება მოყვეს.
2. ომის რეალური მიზეზი შეიძლება გახდეს მხოლოდ განვითარების გაცხადებული ვექტორი და არაფერი სხვა.
3. ნუ გექნებათ იმედი, რომ “ბაბაიას” დაძახებით დათვს ისევ მიაძინებთ, რადგან ის თქვენი შიშით იკვებება და ეს საკვები გუშინ მიეცით. ხვალ უფრო მეტს მოითხოვს.
4. კარგი იქნება, თუ გააცნობიერებთ, რომ თქვენი ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები კაპიტულანტურს ძალიან მიუახლოვდა, რაც მთლიანად ჯდება რუსეთის გეგმებში საქართველოსთან მიმართებაში.
5. გაბუნიას საქციელის საბაბით შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობაც მთლიანად ჯდება რუსეთის გეგმებში. გადახედეთ რუსული პროპაგანდის გამოხმაურებებს და იქნებ მიხვდეთ, საით მიაქანებთ ქვეყანას.
თუ მართლა გეშინიათ, გრცხვენოდეთ. თუ თამაშობთ, გრცხვენოდეთ. თუ ვერ ხვდებით, ჩვენი სირცხვილი ხართ

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გადაცემა პოსტსკრიპტუმს ეხმაურება, რომლის წამყვანმაც, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების დეუტატებმა. საგარეო უწყებამ გაბუნიას გინება პროვოკაციად შეაფასა, რომელიც "რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას" ემსახურება. სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რუსთავი 2-ის და გიორგი გაბუნიას "ქმედებებს შეფასება მისცენ", თბილისის მერმა კი თქვა, რომ მმართველი გუნდი "ამ პროვოკაციას მკაცრი რეაგირების გარეშე არ დატოვებს".

კომენტარები