იზორია: ოპოზიცია პოლიციის დელეგიტიმაციას ცდილობს, რაც ანტისახელმწიფოებრივი განზრახვაა

ის, ვინც დღეს მინისტრ გახარიას გადადგომას ითხოვს, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობრივი შტურმით აღების მცდელობა ნაწილობრივ მაინც გაამართლოს. ნაციონალურ მოძრაობას და მის ყველა ფრთას აქვს სურვილი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, რაც შს მინისტრის გუშინდელი გამოსვლით სრულიად გაბათილდა.

20 ივნისს აქციისას შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი მოქმედებდნენ კონსტიტუციისა და კანონის დაცვის ვალდებულების შესაბამისად. სახელმწიფოს ვალდებულებაა ერთის მხრივ გამოხატვის თავისუფლების დაცვა და მეორეს მხრივ, მართლწესრიგის უზრუნველყოფა. პოლიციამ უზრუნველყო ორივე ვალდებულების შესრულება. ყველა კითხვა შესაძლო გადაცდომებზე აუცილებლად უნდა იყოს, და მე დარწმუნებული ვარ იქნება, პასუხგაცემული. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში ქვეყნისთვისაა საშიში პოლიციის დელეგიტიმაციის მცდელობა, რასაც ოპოზიციის დიდი ნაწილი დღეს რეალურად აკეთებს. ნებისმიერი ასეთი მცდელობა არის ანტისახელმწიფოებრივი განზრახვა, ვინაიდან პირდაპირ ემსახურება ქვეყანაში დესტაბილიზაციის უზრუნველყოფას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი 20 ივნისის მოვლენებისა და შს მინისტრ გიორგი გახარიას 11 ივლისის ინტერვიუს შესახებ.

კომენტარები