ილია მეორე

ილია II: მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი

მე მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელს საქართველოს, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი. იყოს მახარობელი. ცუდი სიტყვა კი არ მიაგოს ადამიანს, არამედ სასიხარულო ამბავი უთხრას. ეს არის ლოცვა-კურთხევა თქვენთვის და მთელი საქართველოსათვის, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს მახარობელი. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ უამრავი ხალხი ესწრება წირვა-ლოცვას. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი მობრძანდა. ჩვენ ვულოცავთ მას დღესასწაულს. ღმერთმა ძალა მისცეს და მადლი მისცეს ამ დიდი მისიის აღსასრულამდე. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას. არ დაგავიწყდეთ ეს დავალება, ეს დავალება მოგიტანთ თქვენ დიდ სიხარულს. ჩვენ თუ ვიქნებით მახარობელი, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ. დღეს არის განსაკუთრებული დღე. 12 მოციქულის დღესასწაული. თქვენ მოისმინეთ მნიშვნელობა, რამდენად დიდია ღვაწლი 12 მოციქულის დღესასწაულის. ყოველი მოციქული იყო არამარტო გაგზავნილი მოციქული, არამედ მახარებელი. სიხარულს აუწყებდა და აი მე მახსენდება ერთი წიგნი, სადაც აღწერილია სკოლა. სკოლაში იყო საავადმყოფო დაჭრილი ჯარისკაცებისთვის. ერთი პატარა ბიჭი 12-14 წლის, მიდიოდა იმ სკოლაში და შორიდან უყვიროდა დაჭრილ ჯარისკაცებს: "შენ მალე მორჩები", შენ განიკურნები", "შენ დაუბრუნდები შენს მშობლებს", შენს ოჯახს და ამ ბიჭს დაარქვეს - ჩვენი მახარობელი. როცა არ მოვიდოდა, წუხდნენ ჯარისკაცები, სად არის, სად დაიკარგაო ჩვენი მახარობელიო.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა. პატრიარქის ქადაგებას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები