20-21 ივნისი

ბახტაძე: ენმ წარმოაჩენს, რომ პარლამენტზე შტურმი პატრიოტიზმია, ინსტიტუტების დაცვა - ბოროტება

ნაციონალურ მოძრაობას სურს, საკითხი წარმოაჩინოს შემდეგნაირად - პარლამენტის შტურმი თურმე პატრიოტიზმის გამოვლინებაა და კონსტიტუციის და ინსტიტუტების დაცვა - ბოროტება, ეს არავის გამოუვა. სამართლებრივ სახელმწიფოში მსგავსი ქმედებები, რაც 20-21 ივნისს საზოგადოებამ იხილა, დაუშვებელია და მას სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

მიმდინარეობდა პარლამენტის შტურმი და პოლიციელი იძულებული იყო, გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. ეს არის 20 ივნისის მოვლენების შეფასება. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს დაშავებულები და იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთმა სამართალდამცავმა გადააჭარბა უფლებამოსილებას და გამოიყენა ზედმეტი ძალა. ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ, რათა მოხდეს თითოეული ადამიანის იდენტიფიცირება, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილება არ გამოიყენა ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვდა და შედეგად სამწუხაროდ, გვყავს დაზარალებულები - ჩვენი ახალგაზრდები და პოლიციელები. ამ ყველაფერს მიეცემა სამართლებრივი შეფასებები. არავინ დარჩება დაუსჯელი და ის პროცესი, რომელიც 21 ივნისიდან მიმდინარეობს, ამის ნათელი დემონსტრირებაა. ისევე, როგორც პასუხისმგებლობა არ ასცდებათ იმ ე.წ პოლიტიკოსებს, უპასუხისმგებლო ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი თავიანთი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოიყენეს.

სადმე არის კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა?! რა თქმა უნდა, არა. ძალიან მძიმეა და მტკივნეულია, რომ დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და სოლიდარული ვარ ამ ნაწილში. ჩვენ აუცილებლად უნდა მივცეთ სამართლებრივი შეფასება ყველა იმ შემთხვევას, სადაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდა გადაცდომას.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვარიანში ჟურნალისტებს, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ უთხრა.

კომენტარები