მალხაზ მაჩალიკაშვილი

მშვენიერაძე: მაჩალიკაშვილისადმი უარი, გაშალოს კარავი, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა

საქართველოს კონსტიტუციით და კანონით "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" გარანტირებულია პირის უფლება, წინასწარი ნებართვის გარეშე, გამოხატოს პროტესტი, მათ შორის გამართოს შეკრება და მანიფესტაცია.

კონსტიტუცია იცავს პირის უფლებას, თავად განსაზღვროს:
შეკრების შინაარსი;
შეკრების ადგილი:
შეკრების დრო;
შეკრების ფორმა.

თუ შეკრების მონაწილე კარვის დადგმით გადაწყვეტს პროტესტის გამოხატვას, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. მას ეკრძალება კარვის განთავსება ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას (გამონაკლისებს არ ჩამოვწერ).

შემთხვევა, როცა თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს (მერს) შეუძლია შეზღუდოს შეკრების ჩატარება, დეტალურადაა მოცემული კანონში "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", კერძოდ: თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, 
ა) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას;
ბ) მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც ორი სამუშაო დღის განმავლობაში იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

შესაბამისად მაჩალიკაშვილისადმი პოლიციის უარი, გაშალოს კარავი, არის ადამიანის კონსტიტუციური უფლებების უხეში დარღვევა. მსგავსი საკითხი ერთხელ უკვე გვქონდა, სარალიძის შემთხვევაში, როცა კარვების დადგმა დიდი ბრძოლის შედეგად მოგვიწია. მაშინ ამ საკითხს პარლამენტის ვიცე-სპიკერიც გამოეხმაურა და იმედია ახლაც მოვისმენთ დროულ გამოხმაურებას.

ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით უბიძგებს მაჩალიკაშვილს და გვიბიძგებს ჩვენ, უფლებების დასაცავად კიდევ ერთი "ძიძგილაობა" გავმართოთ პოლიციასთან და რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ეს, დღეს ჩემთვის აბსოლუტურად ამოუხსნელია.

კონსტიტუციონალისტი გიორგი მშვენიერაძე მალხაზ მაჩალიკაშვილისათვის კარვის დადგმაზე უარის თქმას ეხმაურება. მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიცია პარლამენტის წინ კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევს.

კომენტარები