აგვისტოს ომი

დიღმელაშვილი ომზე TV IMEDI-ის ფილმზე: ყველა ჟურნალისტი, ვინც დუმს, გამოდის, ამას იზიარებს

იმედი უიმედოა. მოდელირებული ქრონიკის მერე რამე თუ გამაკვირვებდა, არ მეგონა. ნერვები აღარ მაქვს და თავს ვარიდებ რუსული ნარატივის მედიებს, მაგრამ ბოლოს მაინც ვუყურე ამ ფილმს და აღმოვაჩინე, რომ 2004 წელს სამაჩაბლოსთან მოგვარებული კონფლიქტი თავიდან გაგვიღვივებია, რომ საქართველო "წარმატებით ახერხებდა კრემლის პროვოცირებას", რომელიც თურმე კონფლიქტის მხარე არც არის, უბრალოდ იძულებული იყო მშვიდობის დასამყარებლად საქართველოში შემოჭრილიყო (!!!!!!).

მთელი ძალით მინდა, მაგრამ როგორ უნდა შევძლოთ, ამ ყველაფერს მოვაყოლოთ დიპლომატიური და კოლეგიალური "რიგით ჟურნალისტებს არ ვერჩი", როცა არც ერთ თანამშრომელს პროტესტის ნიშნად რედაქცია არ დაუტოვებია მას შემდეგ, რაც სპეცრეჟიმული მუსიკის ფონზე ღიად დაფიქსირდა სარედაქციო პოზიცია: საქართველოა დამნაშავე რუსეთთან ომში, პუტინმა ყველა ძალა იხმარა სისხლისღვრის ასარიდებლად, მაგრამ ვერ შეძლო, არ ვაცალეთ.

იმედმა დამალა პუტინის ციტატა, რომ 2006 წელს ემზადებოდნენ ომისთვის, მაგრამ ამოჩიჩქნა სხვა: "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი არის საქართველოს გეგმები ძალით აღადგინოს კონტროლი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებზე და არა საქართველოს მისწრაფება ნატოსკენ". სულ ეს იყო, ამიტომ შემოსულან.

ალბათ თვითონაც ხვდებიან, რამხელა კოვზით ჭამეს, სხვა რითი აიხსნება, რომ ტიტრებიც კი არ გაუკეთეს ამ სატელევიზიოსაათიან ნაღვაწს. არ ვიცით ვინ იმუშავა პუტინის პროპაგანდაზე ქვეყნის უდიდეს არხში. მაგრამ ეს ხომ მათთვისვე უარესია, რადგან როცა მასალა უავტოროდ იდება (the economist აკეთებს მაგალითად ასე), ეს მთელი რედაქციის პოზიციას გამოხატავს, მთელი რედაქციის სახელით ხდება.

ყველა ჟურნალისტი, ვინც ახლა დუმს, გამოდის, ამ პოზიციას იზიარებს. ხმა ამოიღეთ ხალხო! სამუშაო გაქვთ კიდევ ამ ქვეყანაში! ეგრე უიმედოდ როგორ ხართ, რომ ვერ ელევით უკვე ღიად "ო-ერ-ტეს" ფილიალს?

ეკონომიკური ჟურნალისტი და აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი Facebook-ზე ტვ იმედი მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმს ეხმაურება. ფილმში, სახელწოდებით "ჩვენ მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს", იმედი ომის დაწყებაში ღიად ადანაშაულებს ქართულ მხარეს და ამას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის "რეიტინგის კლების" შედეგად გამოწვეულ "ქმედებებს" უწოდებს. ფილმის ავტორი პირდაპირ იმეორებს რუსულ პროპაგანდას.

კომენტარები