სააკაშვილი: ლალიაშვილი ხაბურძანიას მარჯვენა ხელია, ეს ფილმი არის რუსული დავალება

მათაც მინდა ვუთხრა, ვისაც ეს [2008 წლის ომის შესახებ TV იმედის მომზადებული ფილმი] ჰგონია შემთხვევითობა და ვიღაცის თვითშემოქმედება.

ხაბურზანია იყო პუტინის კაცი, მე ეს პუტინმა მითხრა პირადად, ლალიაშვილი იყო მისი მარჯვენა ხელი. ლალიაშვილი, რა თქმა უნდა, რუსეთთან არის კავშირში, ისევე, როგორც ამ დღეებში ვოლსკი რომ აქტიურობს, ეს იყო თავის დროზე საქართველოს დიპლომატიურ მისიაში, გაეროში ჩანერგილი, ასევე "კაგებეშნიკ" პეტრე ჩხეიძის მიერ და იყო "კაგებეს" წარმომადგენელი საქართველოს საგარეო სამსახურში. ეს ვიცით ყველამ, ვისაც საქმესთან გვქონია შეხება და ეს ხალხი აქტიურობს დღეს.

ეს ფილმი არის რუსული დავალება და მას აქვს კონკრეტული ორი მიზანი: რუსეთი ამზადებს საფუძველს, რომ უახლოეს კვირებში და თვეებში, მას შემდეგ, რაც იმუშავა წულუკიანმა ივანიშვილის დავალებით, ქართულ სამხედროებს წაუყენონ ჰააგის სისხლის სასამართლოში ბრალი. წულუკიანი ამაზე ძალიან ბევრს მუშაობს და ძალიან უნდა, რომ ეს მოხდეს და ამისთვის ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს. საერთაშორისო თანამეგობრობას უნდათ აჩვენონ, რომ ეს არის საზოგადოებრივი აზრი, ეს არის პირველი საფუძველი, ჰააგაში საქართველოს გამტყუნება და მეორე საფუძველი, რასაც ამზადებს პუტინი, არის ე.წ სამხრეთ ოსეთის და სინამდვილეში შიდა ქართლის ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ, მათ მიერ ჩვენი ტერიტორიის საბოლოოდ მიტაცება. აი, ეს არის რისთვისაც ემზადებიან და რისთვისაცაა გაკეთებული ეს ფილმი. მე მიხარია, რომ ქართული საზოგადოება იღებს ხმას და ასეთ რაღაცას ივანიშვილი და მისი პატრონები უკვე ასე ადვილად ვეღარ გვახვევენ თავს

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომზე იმედის მიერ გადაღებულ ფილმს ეხმაურება. ფილმი, სახელწოდებით "ჩვენ მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს", TV იმედმა 12 აგვისტოს გამოაქვეყნა. 36-წუთიანი ფილმი რუსული პროპაგანდის კლასიკურ გზავნილებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდა, ამ ომში მონაწილეობა მიიღო. კრიტიკის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომზე გადაღებულ უავტორო ფილმზე პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ლალიაშვილმა, აიღო და თქვა, რომ სწორედ ის იყო ფილმის პროდიუსერი. 15 აგვისტოს, იმედის ჟურნალისტების ნაწილმა ფილმი გააპროტესტა. ისინი ერთნაირი ტექსტით გაემიჯნენ "ფილმის ერთ-ერთ მთავარ ხაზს". "ჩვენ მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" არხის ოფიციალური Facebook გვერდიდან 15 აგვისტოს საღამოს წაიშალა, თუმცა Youtube-ის არხზე კვლავ რჩება.

კომენტარები