მცოცავი ოკუპაცია

კახიძე: რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ მცოცავ ოკუპაციაზე და რას აკეთებს ქართული ოცნება

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ უკანონო ბორდერიზაციის და ადამიანთა გატაცებების პრევენციისთვის?

1. ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საოკუპაციო ხაზთან გვჭირდება პოლიციის საგუშაგოების დამატება;

2. პოლიციამ უნდა ამოიღოს მავთულხლართების გასაბმელად დამაგრებული ბოძები. რისკი ნაკლებია, თუ ეს გაკეთდება გამთენიისას, როცა რუსები იქ არ არიან. რამდენჯერაც ჩაარჭობენ, იმდენჯერ უნდა ამოვაძროთ, სანამ არ მობეზრდებათ;

3. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი ქვეყანაა, ყველა კუთხე-კუნჭული ვიცით რუსებზე უკეთ. ცხინვალელები გამოსასყიდისთვის იტაცებენ ჩვენებს? ორი იმდენი გამტაცებელი და დივერსანტი უნდა დავაკავოთ, ოფიციალური ოპერაციების ფარგლებში. ხაზის გასწვრივ ბოდიალის ხალისი უნდა ჰქონდეთ დაკარგული. თან ზოგჯერ ჩვენიანს თუ მაინც მოიტაცებენ, გასაცვლელი უნდა გვყავდეს.

4. საერთაშორისო წნეხის გააქტიურება, რუსების ჩასმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში, რუსების სანქცირების მოთხოვნა, უკრაინასთან ერთ პაკეტში მოხვედრა.

რას აკეთებს ივანიშვილის ქართული ოცნება?

- აუქმებს საგუშაგოებს;
- წინა ხელისუფლებას აბრალებს ხაზის გადმოწევას;
- ციხიდან ათავისუფლებს იქაურ კრიმინალებს და მათ ნაცვლად აპატიმრებს სპეც. დავალებათა შემსრულებლებს;
- ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში პრინციპულად არ სვამს არც ერთ რუსს, არ ითხოვს სანქციებს, უკრაინას ემიჯნება, აქ განსხვავებული სპეციფიკააო.

ქართული ოცნების ვითომ პრაგმატული და სინამდვილეში უთავმოყვარეო, უღირსი პოლიტიკა სინამდვილეში არის რუსების წახალისება, დაუბრკოლებლად და ყოველგვარი ფასის გარეშე განავრცონ ოკუპაცია.

ეს მარაზმი უნდა დავამთავროთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და რუსებთან მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული (!) ურთიერთობა უნდა დავიწყოთ.

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე. რამდენიმე დღის წინ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალებმა საოკუპაციო ხაზი უკანონოდ გადმოწიეს და შიგნით გუგუტიანთკარის ორი ოჯახის სახლი მოიყოლეს. 17 აგვისტოს კი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანში 7 ადამიანი დააკავეს.

კომენტარები