სამთავრობო ცვლილებები

ბოკუჩავა გახარიას: რას გრძნობთ, როდესაც მთელი ქვეყანა სკანდირებს, რომ გახარიას უხარია

ნორმალურ ქვეყანაში ჩვენ ბატონ გიორგი გახარიას პარლამენტში კითხვებს არ უნდა ვუსვამდეთ;

ნორმალურ ქვეყანაში ბატონ გიორგი გახარიას კითხვებს ბრალდებულის სკამზე უნდა უსვამდნენ. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ნორმალური ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ ქვეყანა წაგვართვა. აღარ არსებობს გამოძიება, აღარ არსებობს სასამართლო, აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო რგოლი ივანიშვილის მონურ მორჩილებაშია. სწორედ ამიტომ ჩვენ გვიწევს ჯალათ გახარიას პარლამენტის ტრიბუნიდან დავუსვათ ის კითხვები, რაც საზოგადოებაში არსებობს. 

პირველ რიგში, ბატონო გიორგი, ადამიანურად მაინტერესებს, რას გრძნობთ, როდესაც მთელი ქვეყანა სკანდირებს, რომ გახარიას უხარია როდესაც ბავშვებს თვალებს თხრიან. რას გრძნობთ როგორც ამქვეყნის მოქალაქე, რას გრძნობთ როგორც ადამიანი? ალბათ არაფერს, რადგან მონურ მორჩილებაში ხართ.

ასევე მაინტერესებს, ამხანაგო გახარია, რატომ არ გააფრთხილეთ მოქალაქეები, როცა დაიწყეთ სისხლიანი დარბევა 20 ივნისს. ამას კანონი გავალდებულებთ. თქვენ გაეცით თუ არა დარბევის ბრძანება, თქვენ ამ შენობაში იმყოფებოდით, მე თავად გიხილეთ, თუ ჩუბინიძემ გასცა ბრძანება თქვენი გვერდის ავლით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით და თქვენ თამაშგარეთ დაგტოვეს?

რატომ გამოიყენეთ საერთაშორისო კონვენციით აკრძალული ტყვიები, ბატონო გახარია. ისინი მხოლოდ ცხოველების წინააღმდეგ გამოიყენება, თუ ცხოველებად აღიქვამთ საკუთარ მოქალაქეებს, ახალგაზრდებს, რომლებიც 20 ივნისს იდგნენ იმისთვის, რომ 20 ივნისს დაეცვათ ჩვენი ღირსება და თავისუფლება?

ბატონო გახარია, რატომ ესროდნენ პოლიციელები ადამიანებს დამიზნებით სახის არეში, თავში? რატომ გამოიყენეთ ცრემლსადენი გაზი, როცა ოპოზიცია მოლაპარაკებებზე წამოსვლას აპირებდა?

გავეშებული რატომ დასდევდით ცალკეულ ადამიანებს ქუჩებში, სკვერებში? როცა არანაირი ილუზორული და თეორიული საფრთხეც არ არსებობდა იმ ვითომ გადატრიალების, რომელიც თქვენ შეთხზეთ.

მთელ ამ ისტორიაში, ვითომ გადატრიალების, რატომ ვერ წარმოადგინეთ ვერანაირი ფაქტი? თუ მხოლოდ საშვების დაშვებაა საკმარისი ამ აბსურდული ბრალდებისთვის?

როგორ არ გრცხვენიათ, რომ თავისუფლების მოსურნე ადამიანები "ციხეში ჩაყარეთ", თქვენი ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ.

როგორ უყურებთ საკუთარ შვილებს თვალებში, ბატონო გახარია, როცა იცით, რომ თქვენი გადაწყვეტილების გამო სხვა მშობლებს ეს ბედნიერება სამუდამოდ წაართვით?

კომენტარები