NDI-ის კვლევა

გოცირიძე "ოცნებას" : NDI-ის კვლევა აჩვენებს, რომ დაისისკენ, დასასრულისკენ მიდიხართ

დღეს გამოქვეყნდა NDI-ის კვლევა, რომელიც ფაქტობრივად, აჩვენებს, რომ დასასრულისკენ, დაისისკენ მიდიხართ. მზის ჩასვენება ხდება "ქართული ოცნების", თუ ზაქარია ფალიაშილის მუსიკით მიდიხართ დასასრულისკენ და სწორედ თქვენ სრულდებით. ეს არის ვერდიქტი თქვენი 7-წლიანი მუშაობისა, რაც NDI-ს კვლევის სახით ვნახეთ. მეორე მხრივ, ეს ასახავს ქვეყანაში არსებულ კატასტროფულ ვითარებას. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 49 % ამბობს, რომ საქართველო მიდის არასწორი მიმართულებით, ეს ხელისუფლების მუშაობის ნეგატიური შეფასების ისტორიული მაქსიმუმია, ბოლო 10 წლის განმავლობაში მსგავსი რამ არ ყოფილა. ასევე, ისტორიული მაქსიმუმია შეფასება, რომ საქართველო თურმე მიდის სწორი მიმართულებით და მოსახლეობის მხოლოდ 18%-ს აქვს ასეთი განცდა. ეს 18%-იც ის ადამიანები არიან, რომლებიც იკვებებიან „ქართული ოცნების“ ხელით - ივანიშვილის ფულით, ბიუჯეტის ფულით, არასწორი ტენდერებით. მოსახლეობის 18%-ია კმაყოფილი თქვენი გზით, მაგრამ მათგანაც მხოლოდ 4% ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება სწორი მიმართულებით. ეს ფაქტობრივად გამოტანილი ვერდიქტია თქვენი ხელისუფლების დასასრულისა და ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ხელისუფლების ეკონომიკური თუ სხვა პოლიტიკა მთლიანად არის გაკოტრებული.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ NDI-ის კვლევის შედეგები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეაფასა.

კომენტარები