საქართველოს პარლამენტი

კვიციანი: როცა მოგდევენ და გაგინებენ რატომ ვარ ვალდებული მოვითმინო?!

ვინმე მეტყვის რა არის თმენის ვალდებულება? თმენის ვალდებულება გასაგებია როცა გაკრიტიკებენ, მაგრამ რომ მოგდევენ და გაგინებენ, გლანძღავენ, რატომ ვარ ვალდებული მოვითმინო.

15 წელი ვიბრძოდი სწორედ იმ რუსეთთან და არ დავანებე არც ერთი გოჯი მიწა ჩვენი ტერიტორიებისა. ორ საათში ჩააბარეს ტერიტორიები და ესენი უნდა მიყვიროდნენ აგენტს და რუსეთუმეს? თქვენ ხართ უმრავლესობაში და თქვენ მოგეკითხებათ უფრო მეტად.

მაქვს ასეთი წინადადება, ვისაც ღირსება შეგვრჩა, კიდევ ერთი ასეთი გამოხტომები და გავიდეთ ყველა ერთად, აღვკვეთოთ ის უბედურება, რასაც სჩადიან, რითაც ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყანა დააკნინონ და გაანადგურონ. მადლობა მინდა გადავუხადო იმ კოლეგებს, რომლებმაც სწორად შეაფასეს ჩემზე თავდასხმა.

თქვა პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ემზარ კვიციანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 8 სექტემბერს, კვიციანმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის სირცხვილის კორიდორმა გააღიზიანა. აქტივისტებმა კვიციანს რუსეთის მონა უწოდეს, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა კი, მათ აგინა, ხოლო რამდენიმე მათგანს ხელი დაარტყა. დეპუტატმა ასევე აგინა პოლიციას. ემზარ კვიციანი ტერიტორიიდან განარიდეს, თუმცა, არ დაუკავებიათ. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის (სსკ-ის 126-ე) მუხლით დაიწყო.

კომენტარები