პრეზიდენტის შეწყალება

გოცირიძე: კანონმდებლობა არა, პრეზიდენტია გადასახედი

თუ ვინმემ ეს მის ზურგს უკან გააკეთა, ფაქტია, რომ ის არის უუნარო პრეზიდენტი. მაგრამ, ამის მე არ მჯერა. ეს რომ ყოფილიყო ერთი ან ორი შეცდომა, კიდევ შეიძლება ეს გვეფიქრა, მაგრამ როდესაც ეს ხდება განმეორებით ერთსა და იმავე საკითხებზე, რომლებიც არის საზოგადოებისთვის ძალიან მგრძნობიარე, ეს ნიშნავს, რომ არის დიდი ინტერესები. [...] კანონმდებლობა არ არის გადასახედი, პრეზიდენტია გადასახედი. კანონმდებლობა არის მშვენიერი. ნებისმიერი კანონმდებლობის ფარგლებში თუ ვინმე მოინდომებს ფულის გაკეთებას და ნებისმიერი კორუფციული გზით დანაშაულის ჩადენას, ბუნებრივია, ამას კანონი ვერ უშველის. დღესაც, კანონი არის დარღვეული, ვინაიდან, პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება, მაგრამ მისმა ქვეშევრდომებმა ისეთი ადამიანის შეწყალების საბუთები მოამზადეს, რომელსაც ერთი დღეც კი არ აქვს მოხდილი მსჯავრი.

თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ სამი მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების თემაზე. ზურაბიშვილმა შეიწყალა თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. ასევე, "მთავარი არხის" ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის არის ზურაბ ნადირაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 18 სექტემბერს ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა და თქვა, რომ სანამ წესები შემუშავდება, "გამოდის ვითარებიდან, რაც შედგა".

კომენტარები