უკრაინა

ზელენსკიმ გაეროში დონბასში მოკლული მომღერლის ისტორია მოყვა: "დღეს სხვისი ომი არ არსებობს"

ნება მომეცით ერთი ისტორია მოგიყვეთ. ამბავი ადამიანისა, ვისთვისაც ის, რომ მისი ხმა გაეგონათ, ცხოვრების აზრად იქცა. ამ კაცს ღვთაებრივი ხმა ჰქონდა. მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბარიტონს და კონტრატენორს უწოდებდნენ. მისი ხმა ისმოდა კარგენის დარბაზში ნიუ იორკში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, კოვენტ გარდენში ლონდონში, პარიზის გრანდ ოპერაში. ნებისმიერ თქვენგანს შეეძლო პირადად მოესმინა მისი შესანიშნავი სიმღერა. მაგრამ სამწუხაროდ, ამაში ხელს ერთი რამ შეგიშლით. გაჩვენებთ. ასე გამოიყურება. 12.7 მილიმეტრი და ამან შეაჩერა არა მხოლოდ მისი კარიერა, არამედ მისი სიცოცხლეც. ეს 10 დოლარი ღირს. სამწუხაროდ, სწორედ ესაა ჩვენს პლანეტაზე ადამიანის სიცოცხლის ფასი.

ათასობით ასეთი ისტორიაა, მილიონობით ასეთი ტყვია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოცდამეერთე საუკუნეში. შესაძლებლობების ქვეყანაში. სადაც იმის ნაცვლად, რომ თქვენი ხმა გაიგონონ გაქვთ შესაძლებლობა მოგკლან.

ამ კაცის სახელი, რომელზეც გესაუბრეთ, ვასილ სლიპაკი იყო. ის უკრაინელი იყო, სოლოისტი პარიზის ეროვნულ ოპერაში, რომელიც დონბასში უკრაინის რუსული აგრესიისგან დაცვისას მოკლეს.

დონბასში ომი 5 წელია გრძელდება და 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. საერთაშორისო კანონების და მის შესაქმნელად და დასაცავად ასობით ორგანიზაციის არსებობის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა თავის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას იარაღით ხელში იცავს და კარგავს მოქალაქეებს.

13 ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს. 30 ათასი დაიჭრა. 1.5 მილიონ ადამიანს საკუთარი სახლის დატოვება მოუხდა. ყოველ წელს, ეს მონსტრული რიცხვები გვესმის აქ, მაგრამ ერთი განსხვავებით - ყოველ წელს ეს რიცხვები იზრდება.

ომის დასრულება, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და მშვიდობის დამყარება ჩემი მისიაა. მაგრამ არა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხარჯზე, არა თავისუფლების და უკრაინის თავისუფალი არჩევანის ხარჯზე.

ამისათვის გვჭირდება თქვენი დახმარება. მესმის: ყველას, ვინც აქაა, საკუთარი პრობლემები აქვს და სხვისი პრობლემები საკუთარზე მეტად არ უნდა გაწუხებდეს. მაგრამ დღევანდელ სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ, აღარ არსებობს სხვისი ომი. ვერცერთი თქვენგანი იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, როდესაც უკრაინაში ომია, როდესაც ევროპაში ომია.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები