ეკონომიკა

გახარია: სამწუხაროდ, ეკონომიკურად დიდი გამოწვევებია, ჯერ მდიდარ ქვეყანაში ვერ ვცხოვრობთ

გვესმის, რომ ჩვენი მომავალი თაობის ფორმირებაში თქვენ [მასწავლებლები] ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. სახელმწიფოსაც პირდაპირი ვალდებულება აქვს, თქვენი ყოველდღიური საქმიანობა იყოს უფრო ეფექტური და შედეგის მომტანი, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ბოლო პერიოდი, ბიუჯეტის ფორმირებიდან დაწყებული, რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელზეც მომავალი წელიც იქნება დამყარებული. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს იმ მსხვილ სოციალურ ჯგუფებზე, რომლებიც ქმნიან სახელმწიფოს როგორც ასეთს.

პირველ რიგში ეს არის მასწავლებლები, ექიმები და სამართალდამცველები. ეს არ არის შემთხვევითი პრინციპი. მისი საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც უნდა იზრუნონ მომავალ თაობებზე და ჩვენს ღვაწლმოსილ პენსიონრებზე. ამ პრინციპიდან გამომდინარე, მასწავლებლებს წელსაც და მომავალ წელსაც გაეზრდებათ ხელფასი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის ზღვაში წვეთი, თუმცა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. 

სამწუხაროდ, ეკონომიკურად საკმაოდ დიდი გამოწვევები გვაქვს, სამწუხაროდ, ჯერ მდიდარ ქვეყანაში ვერ ვცხოვრობთ. ამას დასჭირდება ერთობლივი შრომის წლები. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ სად შრომობს, ვინ მინისტრია, ან პრემიერ-მინისტრი და ვინ მასწავლებელი. ვინ უფრო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ჯერ კიდევ არავინ იცის. ამას დრო განსჯის წლების შემდგომ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში, რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრისას ისაუბრა.

კომენტარები