ივანიშვილის ინიციატივა წყალტუბოს რეაბილიტაციაზე

თალაკვაძე: თუ ივანიშვილი წყალტუბოს აღორძინებას დაიწყებს, სხვა მსხვილი ინვესტორებიც შევლენ

თუ ერთი სანდო და ძლიერი ინვესტორი შედის სადმე, იქ შედიან სხვა ინვესტორებიც - თუ ბიძინა ივანიშვილი შევა წყალტუბოში, გააკეთებს ქველმოქმედებას და ჩადებს ინვესტიციას, ეს ნიშნავს, რომ მსხვილი ინვესტორები, ვინც სასტუმროების, სარეკრეაციო და ჯანდაცვის ბიზნესში არიან, ისინიც ჩადებენ ინვესტიციას.

სამი განსხვავებული აზრია შექმნილი წყალტუბოს აღორძინების პროექტზე: ბევრი ფიქრობს, რომ ეს არის კარგი ინიციატივა და დაეხმარება წყალტუბოს, იმერეთს და საქართველოს ეკონომიკას; არიან ადამიანები, ვინც ამას ეწინააღმდეგება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი აკეთებს - და ეს ის ნაწილია, ვისაც სჯეროდა, რომ საქართველოს მთავრობამ იყიდა მატარებელი, რომელიც გვირაბში არ ეტევა - ეს ჯგუფი არის დაკავებული სიმართლის გადაკეთებით და რეალობის გაყალბებით; მესამე- ეს არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც აინტერესებს და სვამს კითხვებს.

ერთი არის, იარაღის მუქარით და ზეწოლით, იძულებით “ინვესტიციის” გაკეთება, რაც გვახსოვს როგორ კეთდებოდა, რომელიმე ქალაქში ბოსელი უნდა შეარჩიოს მთავრობამ, გააგზავნოს ბიზნესმენი და უნდა უთხრას, რომ ეს იყიდე მილიონად - თუ არ გააკეთებ დაგიჭერ. მეორე გზა არის ნდობა. ინვესტიციის გაკეთებას სჭირდება ნდობა. თუ ნდობა არსებობს, ინვესტორები მოდიან, აკეთებენ ინვესტიციას.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველში“ სტუმრობისას ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა 29 ოქტომბერს თქვა, რომ "წყალტუბოს აღორძინების პროექტის ფარგლებში", ქალაქში არსებული უკლებლივ ყველა სანატორიუმისა და ბალნეოლოგიური აბანოს გამოსყიდვას აპირებს.

კომენტარები