ბიძინა ივანიშვილი

თალაკვაძე: ივანიშვილი 90-იანი წლებიდან ეხმარება თავის ქვეყანას, თუმცა სხვები ჭრიდნენ ლენტებს

ბიძინა ივანიშვილი 90-იანი წლებიდან ეხმარება თავის ქვეყანას და ხალხს. სხვები ჭრიდნენ ლენტებს, სხვები ესწრებოდნენ პრეზენტაციებს და მას არასდროს არ გამოუთქვამს საყვედური ამასთან დაკავშირებით და არც საჯაროდ არ უთქვამს, რომ სინამდვილეში, სხვა ადამიანები ცდილობდნენ დაეწერათ ქულები იმ ქველმოქმედებაზე, რომელსაც ის ახორციელებდა 90-იანი წლებიდან. არც შემდეგ, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა, გახდა საჯარო პირი, არც შემდეგ არასდროს მოგვისმენია მისი საყვედური ამასთან დაკავშირებით.

დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი აგრძელებს საქმეს, რომელსაც წლების განმავლობაში აკეთებდა, აკეთებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც მომავლის პროექტია, ხდება აბასთუმნის განახლება მთლიანად, იწყება წყალტუბოს აღორძინების პროექტი, ეს ერთგვარი დამოკიდებულება, რომელიც აქვთ ოპოზიციის ამ ნაწილს და გარკვეულ ოპონენტებს, ეს მიუთითებს უბრალოდ, ამ ადამიანების შინაგან ღირებულებებზე, დამოკიდებულებებზე საკუთარი ქვეყნის მიმართ.

როდესაც ეს კეთდებოდა იმ პერიოდში, როცა თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, დიდი სიხარულით, თან ჩუმად, ისე, რომ არასდროს მადლობა არ უთქვამთ, რომ ამას აკეთებდა ბიძინა ივანიშვილი, ჭრიდნენ ლენტებს, პრეზენტაციებს აწყობდნენ. დღეს, როდესაც ეს საქმე გრძელდება, ისინი არიან უკმაყოფილოები. ეს რას ნიშნავს და რა შეფასება ეკუთვნის ამ ქცევას ეს საზოგადოებამ უნდა შეაფასოს.

ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს.

კომენტარები