ლელო

ხაზარაძე: არსებობს ზეპარტიული ინტერესები, არ გამოვა, რომ ვიღაცა ვიღაცას მიაწებოთ

20 ივნისი იყო ის დღე, როცა ახალგაზრდებმა თავისი გამბედაობით, თავისი თავისუფლებისადმი მისწრაფებით, თავისი ღირსებით, გაგვახსენეს, რომ ეს სამშობლო არ შეიძლება იყოს იმ მდგომარეობაში, როდესაც გარეშე მტერი ჩამოდის აქ და მმართველი პარტიის ხელმშეწყობით, ჩვენი დამპყრობლის წარმომადგენელს ჩვენი ყველაზე მთავარი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის სკამში სვამს.

სწორედ ის დღე იყო, როცა ქართველმა ახალგაზრდებმა და არამხოლოდ ახალგაზრდებმა დაგვანახეს, რომ თურმე თავისუფლებას ყოველდღე დაცვა სჭირდება, დაგვანახეს, რომ თურმე, სიყალბეში ვცხოვრობთ, თურმე ტყუილში ვცხოვრობთ და სწორედ, აი, აქ დაღვრილი სისხლის გამო, ვითომ ამ ახალგაზრდებს, არამედ სინამდვილეში საქართველოს გადმოუგდეს ეს პროპორციული არჩევნების შესაძლებლობა იმიტომ, რომ სხვა შანსი არ ჰქონდათ. 

თუმცა, აქ დამრბევი მთავარი მოქმედი პირი დღეს პრემიერმინისტრია. 

მე აქ მოვედი მაშინაც და ახლაც, რომ პირველ რიგში ამ ახალგაზრდებს, რომლებმაც გამოგვაფხიზლეს, დავუდგე გვერდით. დავუდგე გვერდით იმ არჩევანს, რომელსაც საქართველოს უკარგავენ იმიტომ, რომ არსებობს ეროვნული ინტერესი და ეს ინტერესი არის ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და ეს არ მოხდება, თუ არ იქნება პროპორციული, მრავალპარტიული, თანასწორ მდგომარეობაში ჩატარებული არჩევნები. 

ბიძინა ივანიშვილმა, ერთერთმა ყველაზე მატყუარა კაცმა, რომელიც მე ცხოვრებაში შემხვედრია, ერთერთმა ყველაზე ცბიერმა ადამიანმა, თავისი პარტიის დამქაშებთან ერთად, დღეს ჩაგვიტარა სპექტაკლი და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მიმართულება შეუცვალა. შეუცვალა მიმართულება ჩრდილოეთისკენ იმიტომ, რომ დაქსაქსული საქართველო აწყობს მხოლოდ და მხოლოდ მას. ქაოსი აწყობს ქართულ ოცნებას იმიტომ, რომ მათ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება, შენარჩუნება თავისი ადგილების, მათ შეიყვანეს საქართველო დეპოში, შეიყვანეს ეკონომიკა დეპოში, შეიყვანეს ინვესტიცია დეპოში, შეიყვანეს უმუშევრობა, სიღატაკე. ასე არ შეიძლება. არსებობს ზღვარი და ეს ზღვარი გადის ღირსებაზე, ეს ზღვარი გადის მოთმინებაზე, ფიალის ავსებაზე. 

ფიალა არის ავსებული. ჩვენ არ დავიხევთ უკან. 

მე არ მეგონა, რომ ისეთი პარტიის გვერდით შეიძლება კონსულტაციები გამემართა, რომელიც იდეოლოგიურად შორს არის ჩემგან და ჩემი მსოფლმხედველობისგან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არსებობს სახელმწიფო ინტერესები, ზეპარტიული ინტერესები. 

ამიტომ, არ გამოგივათ არავის ოცნება, რომ ვიღაცა ვიღაცას მიაწებოთ. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის შვილები, ჩვენ გვინდა გამარჯვებული საქართველო

მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. პარლამენტის წინ აქცია მას შემდეგ განახლდა, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

კომენტარები