საპროტესტო აქცია პარლამენტთან

მაკო გომური: შენ იმ აქციაზე რა გინდაო მეკითხებიან. მე თუ არა, ვინ უნდა იდგეს აქ?

მაშინ ზუსტად მემორიალის გვერდით ვიყავი და იყო სრულიად ცარიელი გარემო. აქ [პარლამენტის შენობასთან] იდგნენ ის ჯალათები და მე ვიდექი იქ. სრულიად ცარიელ ქუჩაში მომხვდა ტყვია. გუშინ ვარ მეტროში და მოდის ვიღაც ორი ტიპი და მეუბნებიან შენ იმ აქციაზე არ უნდა იდგეო. ანუ, შენ იმ აქციაზე რა გინდაო მეკითხებიან. იქ ვერ ვუპასუხე იმიტომ, რომ ძალიან გავბრაზდი. აქედან მინდა ვუთხრა, რომ მე თუ არა, ვინ უნდა იდგეს აქ? თუ არა ჩვენ, ვინ უნდა იდგეს აქ? მე მჭირდება კარგი მომავალი, მე მჭირდება თავისუფალი ქვეყანა და წარმატებული ცხოვრება. მე ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ამ ყველაფრისთვის მე თვითონ ვიბრძოლო.

დღეს ეშინიათ ჩემს მშობლებს, რომ მე ვდგავარ აქ. იმიტომ, რომ პირველა რომ ვიყავი აქ ეს ამბავი კარგად არ დასრულდა, ეს ყველამ ვიცით. დღესაც ეშინიათ, რომ იგივე არ განმეორდეს. სახელმწიფო როდესაც ცდილობს, რომ ჩანერგოს შიში საზოგადოებაში, ეს ნაწილობრივ გამოსდის.

თუმცა, ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყანა მართოს, არაა ერთეულ ადამიანებში, რომელთა ძალაც ფული, ქვეყნის მართვის სადავეებია. ეს არაა ძალა. ძალა არის ამ ადამიანებში, რომლებიც ასე მონდომებით იცავენ ქვეყანას და ცდილობენ მიაღწიონ შედეგს. არ მინდა რომ გაჩერდეს ეს მუხტი.

მე დღეს აქ არ ვარ როგორც ადამიანი, რომელიც განეკუთვნება რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ჯანდაბაში წასულა პოლიტიკა. მე ვარ დღეს იმისთვის რომ მქონდეს კარგი, ჯანსაღი მომავალი და მინდა ვიცხოვრო ერთიან ძლიერ ქვეყანაში, სადაც ადამიანების სიტყვა იქნება გადამწყვეტი და არა ერთეული ჩინოვნიკების.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს მაკო გომურმა მიმართა. 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ დაშავებულ მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი 11 ნოემბერს მიანიჭეს.

კომენტარები