ბოკერია: დღეს გაირკვა, რომ დეპუტატები, ვინც ივანიშვილს "გული დაწყვიტეს", დაწინაურდებიან

დღეს გაირკვა, რომ პარლამენტში ფორმალურადაც დააწინაურებენ იმ "ამბოხებულ" დეპუტატებს, რომლებმაც ასე გული დაწყვიტეს პარტიის თავმჯდომარეს. ბატონმა ივანიშვილმა როგორც უთხრა საზოგადოებას, ძალიან გულდაწყვეტილი იყო. ახლა ირკვევა, რომ ვინც მხარი დაუჭირა პარტიის თავმჯდომარის უმნიშვნელოვანეს პოზიციას, რომელიც იყო საერთო კონსენსუსის საგანი და, მათი სიტყვებით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, მათი ნაწილი უმრავლესობიდან წავიდა, თანამდებობა დაკარგა. ხოლო ვინც ეს ჩაუგდო, ვინც გული დაწყვიტა ამ "დიად ადამიანს", ივანიშვილს, ეს ხალხი ფორმალურადაც დაწინაურდება. ლაპარაკია, თუ არ ვცდები, ბატონ მაჭარაშვილზე, ბატონ მეზურნიშვილსა და სხვებზე. საზოგადოებას აქაც ღიად გვეუბნებიან, რომ ფეხებზე ჰკიდიათ საღი აზრი და გონიერება და ისე მოიქცევიან, როგორც უნდათ. ამიტომ, არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ ეს ადამიანები, ვინც ახლა ბიძინას დავალება შეასრულეს და დაწინაურდნენ, იქნებიან პერსონალური პოლიტიკური სამიზნეები საზოგადოებისთვის, მათ შორის, პოლიტიკური ოპოზიციისთვის. ამ გადაწყვეტილებას ვერასოდეს ჩამოირეცხავენ, არა მარტო პოლიტიკურ ცხოვრებაში. 

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. ქართული ოცნების უმრავლესობიდან 12 დეპუტატის გასვლისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების შემდეგ, მმართველ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა დაიკავოს ვაკანტური პოსტები. ამ დროისთვის 3 კომიტეტის თავმჯდომარისა და ერთი ვიცესპიკერის თანამდებობაა ვაკანტური.

კომენტარები