ნიკა მელია

მელია ჯაფარიძის მოთხოვნაზე: მზად ვართ რაციონალურ დათმობებზე წავიდეთ

ჩვენ კონსულტაციებისთვის მზად ვართ. პარტია ნაციონალურ მოძრაობაში ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულება სამართლებრივი სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით და ეს ნიადაგი, რომელიც შეიქმნა უახლოეს დღეებში, როდესაც ყველა პარტია მოლაპარაკებების მაგიდასთან ვართ, დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელდება და ნაციონალური მოძრაობა, როგორც არასოდეს, იქ იქნება დამთმობი თავის პოზიციებში. ქართული ოცნებისგან განსხვავებით ჩვენ ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში და სუს-ში ყოფნად არ მიგვაჩნია.

ბევრს ჰგონია, რომ ხელისუფლებაში ნამყოფი ძალა არის ნაკლი. მაგრამ, ჩემი აზრით, არის პოზიტივი იმიტომ, რომ ვიცით სად რა არ ვაკეთოთ და როგორ არ მოვიქცეთ. კი ბატონო, ჩვენ, ერთობის შენარჩუნების გამო, პირდაპირ გეუბნებით, მზად ვართ რაციონალურ დათმობებზე წავიდეთ. ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში ყოფნად არ მიაჩნია ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელისუფლებად არ მიაჩნია. სუსი მიაჩნია, პროკურატურა, პოლიცია და რობოკოპები ჰქონია ხელისუფლება. თუ კოალიციურ მთავრობაზე მიდგება საუბარი და თუ ეს ყველაფერი მოემსახურება ნაციონალური მოძრაობის მიმართ ნდობის გაზრდას, არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი არ იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი, მაგალითად.

ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია "გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წინადადებას გამოეხმაურა, რომელმაც ლეიბორისტული პარტიის ოფისთან ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმის განხილვისას თქვა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა დადოს გარანტიები, რომ პროკურატურა, სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იქნება მათი კონტროლის ქვეშ.

კომენტარები