საქართველოს პარლამენტი

თალაკვაძე ოპოზიციის დეპუტატებზე: ასეთი პოლიტიკოსების ადგილი ქუჩაშია

როდესაც აქ სპეკულირებენ ეს ადამიანები, რომელთა პარტიას და პოლიტიკურ გუნდს ხელები პატიმრების და უდანაშაულო ადამიანების სისხლში აქვთ გასვრილი, დღეს ეს ადამიანები კადრულობენ ბიუროს სხდომაზე ამ იაფასიანი ეპატაჟებით... ვის ეშინია თქვენი ყვირილის, ან თქვენი ეპატაჟების.

იყვირეთ რამდენიც გსურთ ქუჩაში, ასეთი პოლიტიკოსების ადგილი არის ქუჩაში და თქვენ ყოველთვის გაგაძევებენ ყველანაირი ცივილიზებული ფორმატიდან, როდესაც ასე მოიქცევით. თუ გსურთ დაუბრუნდეთ პარლამენტს, კეთილი ინებეთ და იყავით თანმიმდევრულები...

ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბიუროს სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდგომ. ცოტა ხნის წინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძეს სხდომის დღის წესრიგი წაართვა და დაუხია. ოპოზიციის დეპუტატები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, ​ბიუროზე თალაკვაძისთვის იმის საკითხავად შევიდნენ, თუ რატომ არ აძლევს 20 ივნისს დაკავებული პატიმრების მონახულების უფლებას.

კომენტარები