ვაჟა გაფრინდაშვილი

კალაძე გაფრინდაშვილზე: არ დაგვიტოვებია არც ერთი საერთაშორისო პლატფორმა, შედეგი სახეზეა

მინდა შევუერთდე მილოცვებს. მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. პირველ რიგში, მინდა ვაჟა გაფრინდაშვილს მივულოცო, მივულოცო მის ოჯახს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესებში, დაწყებულის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. არ მინდა გამომრჩეს ვინმე. ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა ვუთხრა, ვინც მართლა გულით გულშემატკივრობდა და ჰქონდა სურვილი, რაც შეიძლება მალე ვაჟა დაბრუნებულიყო საკუთარ ოჯახში. მთავრობას არ დაუტოვებია არც ერთი საერთაშორისო პლატფორმა, ყურადღება არ გაგვემახვილებინოს ამ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით. შედეგი, რა თქმა უნდა, სახეზეა. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესებში და პრობლემის მოგვარებაში.

ძალიან მძიმე ბრალდებები მოვისმინეთ ამ დროის განმავლობაში. თუმცა, აღელვების გარეშე, შესაბამისი სამსახურები აკეთებდნენ თავის საქმეს, რომ მიგვეღო ეს შედეგი. ერთი კონკრეტული უწყება არ ყოფილა ჩართული, ყველა, მთელი სახელმწიფო მუშაობდა ამ მიმართულებით. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ყველა ჩართული იყო. გვჭირდება ასეთი პოზიტიური და დადებითი სიახლეები.

თბილისის მერი, კახა კალაძე, ოკუპანტების მიერ დატყვევვებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა. გაფრინდაშვილი უკანონო ტყვეობიდან დღეს, 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.

კომენტარები