თბილისის მერია

მაჩალიკაშვილი: თბილისში არის საახალწლო სოფელი, ნუ გამოიყვანთ პარლამენტთან თქვენს შვილებს

პირველ რიგში გილოცავთ დამდეგ 2020 წელს.

მე, მალხაზ ვახა მაჩალიკაშვილს, განსხვავებით ქოცური თანამდეობის პირებისა, ბავშვები ძალიან მიყვარს და მათი გულისთვის ვიბრძვი. ვიცი, თემირლანს არავინ და ვერავინ დამიბრუნებს, მაგრამ ამ გაუსაძლის პირობებში, როგორც დაჭრილი მხეცი კუთხეში მიმწყვდეული, მაინც ვცდილობ, თქვენი შვილებისთვის ვიბრძოლო, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ საწოლში მძინარეც და გარეთ ქუჩებშიც.

ჩემი თხოვნა იქნება - თბილისი დიდია, არის სახალწლო სოფელიც, ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს, იქ მესამე ახალი წელია, ქუჩაში იმის მოთხოვნით ვდგავარ, რომ მითხრან - თემირლანის მკვლელი ვინ არის, არ არის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი, ამ ყველაფერს დღევანდელი სისხლიანი ხელისუფლება ბავშვების ინტერესების გამო არ აკეთებს, ისინი ჩემზე შურისძიებას ცდილობენ, არ აქვთ ამათ ბავშვების დარდი.

დიდი პატივისცემით მალხაზ ( ვახა) მაჩალიკაშვილი

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მიმართვას ავრცელებს. ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტთან განთავსებული კარვები (მათ შორის, მალხაზ მაჩალიკაშვილის) და საპროტესტო ატრიბუტიკა ნაგვის მანქანებით გაიტანა. სანაცვლოდ, თბილისის მერიამ საბავშვო ატრაქციონი დაამონტაჟა და ბატუტი გაშალა. საპროტესტო ატრიბუტიკის აღების შემდეგ, ადგილზე მივიდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები. ისინი ადგილზე კარვების სანაცვლოდ ატრაქციონების დადგმას აპროტესტებდნენ, რა დროსაც, პოლიციამ 9 მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, ხულიგნობისა და პოლიციელისათვის ხელის შეშლისთვის დააკავა.

კომენტარები