სააკაშვილი შსს-ს: ძმებო, თქვენ ჩამოხვალთ ჩემი ჩვენებების ჩასაწერად თუ მე ჩამოგაკითხოთ?

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა მივმართო სრულიად საიდუმლოდ - მართალი ხართ, გავრილოვის ღამე მე მოვაწყვე, გავრილოვი მე ჩამოვიყვანე, რა თქმა უნდა, ჩემი ძველი აგენტი და ძმაკაცია.

ქუცნაშვილი ნაციონალური მოძრაობის საიდუმლო წევრია. გახარია ჩემს დავალებას ასრულებდა, როცა არბევდა მიტინგებს და მე დავავალე, რა თქმა უნდა.

ივანიშვილი ხომ ჯიბეში მიზის, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მე ხომ 19 მლრდ მაქვს და ივანიშვილს მხოლოდ 5.

და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტრამპთან და პუტინთან იყო კარგად მოლაპარაკებული.

რავიცი ახლა ძმებო, როგორ ვქნათ, თქვენ ჩამოხვალთ ჩემი ჩვენებების ჩასაწერად თუ მე ჩამოგაკითხოთ და დაველაპარაკოთ, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში?

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ივნისთან დაკავშირებით "აღიარებით ჩვენებას" აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. შსს-ს აზრით, ყოფილი პრეზიდენტის მთავარი არხის ეთერში ნათქვამი ფრაზა - "წკიპზე იყო ივანიშვილი 20 ივნისს, ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა, მაშინ ჩემი აზრით მომენტი გაშვებულ იქნა. ეს არ იყო ის, რომ ვიღაცას შეთქმულება ჰქონდა, თავის თავს ამხობდა თვითონ სხვათაშორის. თავისი თავხედობით მოახდინა ხალხის რეაქციის პროვოცირება" საკმარის საფუძველს იძლევა ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა "სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა".

კომენტარები