კონგრესმენების წერილი გიორგი გახარიას

ჩუგოშვილი: მთელ ქვეყანას დააზიანებს, თუ იმის სათქმელად მიდიან აშშ-ში, რომ მოდით, გაგარკვევთ

მინდა იმედი ვიქონიო, რომ ეს [საქართველოს პარლამენტის] დელეგაცია როცა ჩავა [აშშ-ში], რაღაცა სხვას ეტყვის. ეტყვის იმას, რომ გავიაროთ ეს ეტაპი, გადავდგამთ რაღაც ნაბიჯებს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შევცვლით რაღაცებს, რაღაცებზე უკან დავიხევთ. მე იმედი მაქვს, რომ ამის სათქმელად ჩადიან. მხოლოდ სიტყვა საკმარისი არ იქნება, ეს უნდა გააკეთონ კიდევაც.

თუ ისევ იმ გზავნილებით მიდიან ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირები, რომ თქვენ ვერ გაერკვიეთ და მოდით ეხლა, ჩვენ გაგარკვევთ, მაშინ, მე იმის მეშინია, რომ ეს მარტო ხელისუფლებას აღარ აზიანებს, ეს ქვეყანას აზიანებს უკვე, ჩვენ ყველანი ვზიანდებით ამ პროცესით.

მხოლოდ "ოცნება" არ ზიანდება და ხელისუფლება, ყველა ვზიანდებით ამით. წლები და უზარმაზარი რესურსი არის ჩადებული იმაში, რომ საქართველოზე ყოფილიყო მხოლოდ კარგი წარმოდგენა, რომ საქართველო სცოდნოდათ როგორც სამაგალითო ქვეყანა, სამაგალითო პარტნიორი, რომელიც წინ მიდის, ვითარდება, მილიონ სირთულეს უმკლავდება და მათაც სურვილი ჰქონოდათ, რომ ამ პროცესის, კარგი ქვეყნის მხარდაჭერა გაეგრძელებინათ. 

ამას რომ ვანგრევთ, მე არ ვიცი ეს თავიდან როგორ უნდა ავაშენოთ, რა ძალიასხმევა დასჭირდება ამის თავიდან აშენებას. ჩემთვის ძალიან დასანანია ეს ყველაფერი და თუ ამხელა თანამდებობის პირები იმ გზავნილით ჩადიან, რომ მოდით, გაგარკვევთ, თქვენ ვერ გარკვეულხართ კარგად, ეს იმხელა ზიანს მოგვაყენებს დამატებით, რომ როდისღა უნდა გამოვასწოროთ ეს ამხელა დარტყმები, მე ვერ ვხვდები

ქართული ოცნების ყოფილი წევრი, რომელმაც პარტია პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ დატოვა, ამერიკის შეერთებულ შტატებში საპარლამენტო დელეგაციის მომავალ ვიზიტს ეხმაურება. არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან ერთად აშშ-ში ვიზიტს 5 თებერვალს იწყებს.

კომენტარები