გიგი უგულავას დაკავება

ჩხარტიშვილი: პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელმა კომისიამ უგულავა პოლიტპატიმრად ცნო

პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელმა კომისიამ გიგი უგულავა პოლიტპატიმრად ცნო. ჩვენ სამი დღის ვადაში მოვამზადებთ დოკუმენტს, რომელიც იქნება კონკრეტული დასაბუთება, თუ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. არგუმენტებს შორისაა უზენაესი სასამართლოს მხრიდან ექვსთვისნი ვადის დარღვევა, ყოფილი პროკურორის მხრიდან უკვე მოსამართლის რანგით მისთვის განაჩენის გამოტანა და ა.შ.

ჩვენ სამ დღეში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, დასავლელ პარტნიორებს გადავუგზავნით კონკრეტულ არგუმენტაციასა და შესაბამისობას ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტერიუმებთან, რომელთა მიხედვით, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარი და პოლიტიკური მრავალგზის დევნის ობიექტია.  

საუბარი კონკრეტულად ამ პატიმრობას შეეხება და ჩვენ გვინდა, რომ მივაღწიოთ ერთის მხრივ, უგულავას პატიმრობის გაცილებით ადრე დასრულებას და, ასევე, სხვა ადამიანების მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენის პრევენციას.  

არ დარჩენილა საქართველოში პოლიტიკური პარტია, კრიტიკული მედია, რომლის ხელმძღვანელები და ლიდერები არ იყვნენ სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი. თუ ჩვენ სათანადოდ აქტიურები არ ვიქნებით, შეიძლება, ხვალ მსგავს მდგომარეობაში მეტი ადამიანი იყოს, ჩვენ კი შუააზიურ დიქტატურაში აღმოვჩნდეთ. 

ამბობს ლეიბორისტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი. ლეიბორისტული პარტიის ოფისში გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით პოლიტიკური დევნის შემსწავლელი კომისიის საგანგებო სხდომა გაიმართა.

კომენტარები