ექიმი გიორგი პაპიაშვილი: რატომ ცდით ღმერთს? ვირუსმა არ იცის მორწმუნე და ურწმუნო

ვიცი, რომ ეს პოსტი ალბათ აგრესიასაც გამოიწვევს, მაგრამ როდესაც სასწორზე ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე დევს, კომფორტული დუმილის შენარჩუნების უფლება არ მაქვს.

მაშინ, როდესაც მსოფლიოში სხვადასხვა რელიგიური კონფესიები აწესებენ შეზღუდვებს ან აჩერებენ რელიგიურ მსახურებას, მათ შორის მართლმადიდებლური ეკლესიებიც, სრულიად გაუგებარია ჩვენი ეკლესიის სიჯიუტე და თავდაჯერება, რომ ტაძრებში ხალხმრავლობით ან საერთო კოვზით ზიარებით არავის არაფერი მოუვა.

რწმენა ძალიან პირადია და ყველას აქვს უფლება, ისე სწამდეს, როგორც უნდა, მაგრამ რწმენა არ არის ცოდნა. შეიძლება გწამდეს, რომ არ დაავადდები, მაგრამ დანამდვილებით ეს არ იცი (მხოლოდ გწამს ამის). მაშინ რატომ ცდით ღმერთს? ვირუსმა არ იცის მორწმუნე და ურწმუნო. თქვენს რწმენას არაფერი დააკლდება უსაფრთხოების წესების დაცვით.

მე ექიმი ვარ და მიჩვეული ვარ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დამყარებით ვუმკურნალო ჩემს პაციენტებს. სიმართლე გითხრათ, ძალიან მაკვირვებს ზოგიერთი ჩემი კოლეგის პოზიცია, ვინც პირდაპირ თუ ირიბად ამართლებს ეკლესიებში ხალხმრავლობის შენარჩუნებას და საერთო კოვზით ზიარების პრაქტიკის არ შეცვლას ამ ვითარებაში.

წინ დიდი საეკლესიო დღესასწაულებია და ძალიან დიდია საშიშროება ვირუსის უკონტროლო გავრცელების. მე რომ დღეს ამაზე ხმა არ ამოვიღო, მეც თანამონაწილე ვიქნები იმ უბედურების, რაც დატრიალდება, ამიტომ ამის უფლება არ მაქვს.

მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ექიმებს, მკაფიოდ დააფიქსირონ თავისი აზრი. არ არის დღეს მორიდების და კეკლუცობის დრო. ლოცვას და რწმენას არავინ ერჩის. დიდ პატივს ვცემ ყველა მორწმუნის რწმენას, მაგრამ მიეცით კეისარს კეისრისა და ღმრთისა ღმერთს - დარჩით სახლში.

წერს კარდიოლოგი, გიორგი პაპიაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები