კორონავირუსი

დეკანოზი ილია: ჩვენი ზოგი სასულიერო პირი ისლამისტ ფანატიკოს მოძღვრებზე უფრო უგუნურად იქცევა

კორონავირუსის გავრცელებამ კარგად აჩვენა, თუ როგორ იქცა ქრისტიანობა, მოყვასის სიყვარულის ღვთაებრივი რელიგია, მავანთა მიერ დამახინჯებულ "მოჯაჰედურ-თალიბანური" შეფერილობის ფსევდო რელიგიად. საუბედუროდ, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ფანატიზმის და ფუნდამენტალიზმის დაბადებამ და განვითარებამ საქართველოს ეკლესიაში, რაც მანამდე სრულიად არ არსებობდა ჩვენში, მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ჩვენი ზოგი სასულიერო პირი უფრო დიდ ფანატიზმში და უგნურებაშია, ვიდრე მუსლიმი ფანატიკოსი მოძღვრები, რომელთაც ბევრად მეტი გონიერება და სიბრძნე გამოიჩინეს შექმნილ ვითარებაში.

მოვუსმინე ერთ ქადაგებას, სადაც მოდერნისტად და ლიბერალად გამოგვაცხადა მქადაგებელმა ის სასულიერო პირები, ვინც გლობალური პანდემიის გამო მოვიწონეთ მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა სინოდების და პატრიარქების განჩინებები საჯარო წირვა-ლოცვების შეჩერების და მრევლისთვის სახლში ლოცვის მოწოდების შესახებ.

ამ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მოდერნიზმი, ანუ სიახლეები ეკლესიაში დღიდან მისი დაარსებისა, უწყვეტად ხდებოდა, პირველი ამისი ნიშანი თავად დღევანდელი საეპისკოპოსო აქსესუარებია: მიტრა, ბისონი, გველისთავიანი კვერთხი, მცირე ომოფორი - ეს ყველაფერი მეორე ათასწლეულში თანდათან გაჩენილი სიახლეებია, არც ჯვარ-პანაღიები არ უტარებიათ გულზე ბასილი დიდს, გრიგოლ ღვთისმეტყველს და იოანე ოქროპირს. საუკუნეთა მანძილზე უამრავი სიახლე შეეხო მარხვებს, დგინდებოდა ახალი მარხვები და გრძელდებოდა უკვე მანამდე დადგენილთა ხანგრძლივობები, იცვლებოდა ლიტურგიები და ტიპიკონები, იცვლებოდა რიგი საეკლესიო კანონები, და ყველაზე მთავარი: შვიდი მსოფლიო კრების მიერ ეტაპობრივად დგინდებოდა ახალი დოგმატები.

მაშ, დაადანაშაულოს პატივცემულმა მქადაგებელმა 7 მსოფლიო კრება და დიდი მამები მოდერნიზმში. ისინი ცვლილებებს და სიახლეებს სწორედ შექმნილი გარემოებების გამო ადგენდნენ. როდესაც ადამიანს არ აქვს შესაბამისი ცოდნა ეკლესიის ლიტურგიკის და კანონიკის ისტორიაზე და ჰგონია, ეკლესიაში არაფერი შეცვლილა, დღიდან მისი დაარსებისა, ის იმყოფება დიდ უმცრებაში და ტყუილში, რომელსაც თან ახლავს არასწორი წარმოდგენები და დასკვნები, რაზედაც ითქმის უფლისა, ღმრთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიტყვები: "ბრმანი ხართ და ბრმათა წინამძღოლნი!

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე Facebook-ზე.

კომენტარები