კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ინფიცირება ეკლესიაშიც შეიძლება მოხდეს, ნებისმიერი კონტაქტისგან თავი შეიკავეთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ეკლესიის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხობს, რომ ერთი ადამიანის მიერ მეორესთვის ახალი კორონავირუსის ინფექციის გადაცემა, შესაძლოა, მოხდეს ნებისმიერ ადგილას, სადაც არის ადამიანების თავშეყრა, მათ შორის ეკლესიაშიც. 

"ეს შეიძლება მოხდეს ყველგან და ჩვენ ამის მაგალითები გვაქვს, რომ ინფიცირება მოხდა გარკვეულ ადგილებში, სადაც ადამიანები ერთად მუშაობენ. ასევე ადამიანები იკრიბებიან ერთად. სადაც ადამიანები იკრიბებიან ერთად, იქ ყველგან შეიძლება მოხდეს გადაცემა, მათ შორის ეკლესიაშიც,"- თქვა პაატა იმნაძემ. 

იმნაძის თქმით, აქედან გამომდინარე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია კვლავ იგივეა, რომ ადამიანებმა მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი ნებისმიერი სახის კონტაქტისგან. 

"ეს ეხება ყველას ერთნაირად, მათ შორის მორწმუნეებსაც, ათეისტებსაც, ანტიეკლესიურებსაც, რომ მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სახის კონტაქტებისაგან," - თქვა იმნაძემ. 

პაატა იმნაძის განმარტებით, სოციალური დისტანცირება ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ ქვეყანაში ინფექციის მატების ტემპი კონტროლირებადი იყოს და საქართველომ იმ ეტაპს არ მიაღწიოს, სადაც დღეში ასეულობით ახალი შემთხვევა აქვს, ნაცვლად ათეულებისა. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე არაერთმა რელიგიურმა ორგანიზაციამ, მათ შორის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეცვალა ღვთისმსახურებისა, თუ ზიარების წესი. 

თუმცა, საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ეკლესიებში კვლავ მოხდება ერთი კოვზით ზიარება.

ამასთან, როგორც ჩანს, საპატრიარქოზე არ მოქმედებს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმი, რომელიც სამ ადამიანზე მეტის შეკრებას კრძალავს და საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენტანტის საათია დაწესებული, რომლის დროსაც გადაადგილება აკრძალულია. 

2 აპრილის 14:00 საათის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 130 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინში 5 550 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 281. 

კომენტარები