ახალი კორონავირუსი საქართველოში

რაჭველიშვილი: რატომ არ შეიძლება, სანთლები ფანჯრებთან დავანთოთ და აღდგომას ასე ვილოცოთ

ჩემთვის საპატრიარქოს პოზიცია მიუღებელია. აბსოლუტურად მიუღებელია ის ფაქტი, რომ კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი არ ვართ. მიუღებელია ისიც, რომ თუ ყველასთვის არის თვითიზოლაცია, კარანტინი, ქალაქები ჩაიკეტა, გვთხოვენ, დავრჩეთ სახლში, იგივე ლოგიკა,იგივე კანონზომიერება რატომ არ მოქმედებს იმათთვის, ვინც აპირებს, რომ ეკლესიაში დღეს ღამე გაატარონ, ან აღდგომის ღამე გაატარონ.

საპატრიარქოს პოზიცია ჩემთვის აუხსნელია, აბსოლუტურად არალოგიკური. გაუგებარია, რატომ არ უნდა დარჩეს ადამიანი სახლში, რატომ არ უნდა დავანთოთ სანთლები აივნებზე და ვილოცოთ სახლებიდან აღდგომის ღამეს. რა უდგას წინ წირვის ონლაინ გადაცემას. ჩემთვის აუხსნელია, ალოგიკურია და ჰგავს პოლიტიკურ დაპირისპირებას და ძალაუფლებისთვის ბრძოლას, სადაც საპატრიარქოს აუცილებლად გამარჯვება უნდა. ადამიანების სიცოცხლის შეწირვა, პირდაპირი მნიშვნელობით, არის არაადამიანური საქციელი. ამას ვერასდროს გავამართლებ.

სახელმწიფომ ძალიან მკაცრი ზომები უნდა მიიღოს. მოვუწოდებ, ასე მოიქცნენ. ჩემთვის მიუღებელია, რომ სახელმწიფო არ არის აშკარა და პირდაპირ პოზიციაზე და გვერდს უვლის ამ თემას, საპატრიარქო კი იქცევა არაქრისტიანულად და წირავს ადამიანებს ძალაუფლების ომის გამო. ამ ომის შედეგი იქნება ძალიან მძიმე.

თქვა ქართველმა მეცო სოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა ფორმულას ეთერში. ის საპატრიარქოს და ხელისუფლების ერთობლივ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, აღდგომის ღამეს მრევლი ლიტურგიას დაესწრება. მოქალაქეები ტაძრებში იმყოფებიან სხვა დღეებშიც, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნის.

კომენტარები