შეზღუდვები

კახიძე: გაუაზრებელი შეზღუდვების დატოვება, იდიოტური, უპასუხისმგებლო პოლიტიკის გაგრძელებაა

ეს არის მთავრობის ყოვლად იდიოტური და უპასუხისმგებლო პოლიტიკის გაგრძელება, როდესაც ტოვებ სრულიად გაუაზრებელ შეზღუდვებს, არც ხსნიან - რატომ ტოვებენ. რატომ რჩება კომენდანტის საათი? რატომ რჩება მანქანებით გადაადგილების შეზღუდვა? რატომ რჩება ისევ ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების აკრძალვა? - რა ემსახურება ეს? გარდა იმისა, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას, კიდევ უფრო ძირავენ.

ეს ხდება თან იმის ფონზე, რომ ჩვენს მოქალაქეებს ერთი თეთრი არ მიუღიათ სახელმწიფოსგან. საპენსიო საკუთარ დანაზოგსაც კი არ უბრუნებენ, აღარ ვლაპარაკობ დახმარებებზე, თავიანთ ფულს, რომელიც დასაქმებულ მოქალაქეებს იძულებით შეანახინეს საპენსიო ფონდში, იმასაც არ აძლევენ.

უმუშევართა შემწეობაზე ხელფასის დანაკლისს კი არ უნაზღაურებენ, რაიმე ფორმით, მაგალითად ბრიტანეთში 80% მისცეს ხელფასის, ჩვენს შემთხვევაში, ევროპული საქართველო ითხოვდა, რომ 50% მაინც მიეცათ, რომ ოჯახის რჩენა შეძლოს. 20 ლარიან დახმარებას სთავაზობენ თვიდან თვემდე, რაც არის ცინიზმი, დაცინვაა, მასხრად აგდება.

ამავე დროს, თვითდასაქმებულებს ეუბნებიან, რომ თუ არ დაგვიდასტურებთ, რომ მუშაობდით, ისე დახმარებას ვერ მიიღებთო. ვინც ძიძად მუშაობდა, ბავშვებს ამზადებდა, ამ ადამიანებმა როგორ დაადასტურონ?!

ამ შეზღუდვების დატოვება არის დანაშაულებრივი, იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა დღითიდღე უკან მიდის.

ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე ეხმიანება გიორგი გახარიას დღევანდელ ბრიფინგს, რომელზეც გაირკვა, რომ მხოლოდ 3 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა იხსნება და ასევე სალონებს რთავენ მუშაობის უფლებას.

კომენტარები