პატრიარქის ქადაგება.

ილია II: საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ეს ჩვენი ბედია, ჯილდოა

დღეს ურთულესი დროა, საერთოდ უნდა ითქვას, რომ ოჯახი მუდამ დიდი პრობლემა იყო ადამიანისთვის. ოჯახი შედგება ცოლისა და ქმარისგან და შვილებისგან. განსხვავებული ხასიათებია, მაგრამ იმათ უნდა ამთლიანებდეს რწმენა და სიყვარული. ეს რწმენა იმდენად დიდია, სიყვარული იმდენად დიდია და ძლიერია, რომ ჩვენ მოგვიყვანა ამ წმინდა ტაძარში და გაგვაერთიანა. ხალხი გაამთლიანა და გახადა ერთიანი.

თქვენ გახსოვთ, როცა მე მაკურთხეს პატრიარქად, 5-6 ადამიანი მოდიოდა სიონის ტაძარში და მე ვფიქრობდი რა გვეშველება მეთქი. ისიც არ იცოდნენ, სეფისკვერი რისთვის იყო საჭირო. მე ადრე მოვდიოდი და უფასოდ, საჩუქრად ვურიგებდი სეფისკვერს. ხალხს უკვირდა, მერე გაიგეს მისი შინაარსი, მისი ძალა. დღეს მთელი საქართველო ქრისტიანია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ წმინდა სამებას. წმინდა სამებამ ააშენა ეს წმინდა ტაძარი. წმინდა სამებამ განამტკიცა ქართველი ხალხი

დღეს შემოვლა იქნება თბილისში ხატისთან ერთად და იქნება სხურება ნაკურთხი წყლისა, ეს განამტკიცებს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. მინდა მოგილოცოთ ეს დალოცვილი დღე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი უარყოფითი ძალა ვერ სძლევს საქართველოს სიყვარულსა და სიხარულს. საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა, ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი.

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ქადაგებისას. 17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა. ილია მეორემ 17 მაისი ოჯახური სიწმინდის დღედ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც 2013 წელს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა და მრევლმა ძალადობრივად დაარბიე ანტი-ჰომოფობიური აქცია

კომენტარები