შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი

კახიძე: პარლამენტის ფუნქციები რომ უწყებებს გადავულოცოთ? გავაოცოთ ევროპა

აქ ასეთი პათოსის განცხადებები მესმის, რომ ჩვენ ხომ კარგი მთავრობა გვყავს - კარგ მთავრობას უნდა გამოვუცხადოთ ნდობა და პარლამენტის ფუნქციები პირდაპირ გადავულოცოთ.

სხვა მიმართულებითაც ხომ არ გვეფიქრა ამ ნდობის გამოცხადებაზე, მაგალითად, მოსახლეობის დანაშაულისგან დასაცავად, სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების უფლება მივანიჭოთ პროკურატურას და პროკურატურამ განსაზღვროს, რომელი დანაშაული დაისჯება, რამდენი წლით, რა იქნება დანაშაული ა.შ. ხომ კარგი პროკურორი გვყავს, ხომ ენდობით და მივცეთ ეს უფლება.

სასამართლო კონტროლიც რომ გავაუქმოთ და წინასწარი პატიმრობა რომ გაუგრძელოს პროკურატურამ, რაღად გვინდა ეს სასამართლოში სიარული.

ან გადასახადებზე - კანონპროექტში არის შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობასთან ან საკუთრებასთან დაკავშირებით, ახალი გადასახადები რომ შემოიღოს ფინანსთა სამინისტრომ. ხომ ენდობით ფინანსთა მინისტრს და ჩვენთან კი არ ირბინონ აქ და კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტი, პირველი მოსმენა, მეორე მოსმენა, დასკვნები... ეს ბიუროკრატიული ხარახურა, რაც დემოკრატიას მოსდევს, რად გვინდა, პირდაპირ მივანიჭოთ უფლებამოსილება და მიიღონ, როგორც თვითონ ჩათვალონ საჭიროდ.

საერთოდ, ეს საგანგებო მდგომარეობაც რომ გვაქვს კონსტიტუციაში, რად გვინდა საგანგებო მდგომარეობის მუხლები, ხომ არ შეგვეცვალა და საპარლამენტოდან უფრო სხვა, ახალი მოდელი შემოგვეთავაზებინა მსოფლიოსთვის? გავაოცოთ ევროპა.

მიმართა ქართულ ოცნებას ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ. პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, მთავრობას უფლება ექნება, შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს. კანონის მიღებას ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან. მათი შეფასებით, ის მთავრობას ჭარბ ძალაუფლებას ანიჭებს.

კომენტარები