26 მაისი

თალაკვაძე: გვეამაყება, ჩვენი თაობა დანატოვარს უფრთხილდება და წვლილი შეაქვს განმტკიცებაში

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ თარიღს ჩვენი ქვეყნის ოფიცრებთან და ჯარისკაცებთან ერთად აღვნიშნავთ. 

102 წლის წინ, 22 მაისს, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ნანატრი სახელმწიფოებრიობა მოიპოვა. სწორედ მაშინ, ჩვენმა წინაპრებმა საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტებსა და დემოკრატიას. სამწუხაროდ, მალევე საბჭოთა ოკუპაციამ ქვეყნის განვითარება თითქმის 7 ათწლეულით შეაფერხა, მაგრამ მან ვერ შეაჩერა თავისუფლებისადმი ჩვენი სწრაფვა და მოძრაობა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა და პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობის საფუძველზე განაგრძო ქართველი ხალხის არჩევანის - თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის, დემოკრატიის განვითარებისა და დასავლეთთან ინტეგრაციის გზა. გვეამაყება, რომ ჩვენი თაობა წინაპრების დანატოვარს უფრთხილდება და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის განმტკიცებაში. საკონსტიტუციო რეფორმა და საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიღწეული პროგრესი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები - ეს არის ის, რითაც ვაგრძელებთ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს და ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი. 

მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არ ეძლევა სახლში დაბრუნების საშუალება, საქართველოს აქვს პოზიტიური დღის წესრიგი და ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტები, ჰყავს ღირსეული საზოგადოება და ძლიერი სტრატეგიული მეგობრები.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე.

კომენტარები