საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: თუ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გავა, ესეც არ არის დიდი პრობლემა

თქვენც იცით, რომ არც უგულავა, არც ოქრუაშვილი და არც რურუა არ არიან პოლიტპატიმრები, ისინი არიან პოლიტკრიმინალები. შესაბამისად, ამ საკითხზე საუბარი არის აბსოლუტურად ზედმეტი. 

ჩვენი მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება სრული მხარდაჭერა. თუ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, აქ არის ორი ვარიანტი - ერთი, რომ ამ ორი პარტიის ხმების გარეშეც შეიძლება გავიდეს, მაღალი ალბათობით, გავა და ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს. თუ არ გავა, ესეც არ არის დიდი პრობლემა და შენარჩუნდება ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ზუსტად ამ ორმა პარტიამ დაუტოვა ქვეყანას სახსოვრად.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლება, თუ არ შეიცვლება, კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება ამ ორ პარტიას - ახალი სისტემით თუ ჰქონდათ ცოტა უფრო მეტი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის შანსი, ძველი სისტემით კიდევ უფრო ნაკლებად იქნება ეს ორი პარტია წარმოდგენილი პარლამენტში, რაც, შეიძლება, ცუდი არ იყოს.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე. მას შემდეგ, რაც 15 მაისს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა, ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებასა და კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ელიან. 18 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიენა და ის პატიმრობაში დატოვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება, საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.

კომენტარები