მონობა

ნოდია: მონობა რომ ცუდია, ეს ვიცით დასავლური ცივილიზაციის წყალობით

მონობა ძალიან ცუდია.

მაგრამ მონობა რომ ცუდია, ეს ვიცით ჯერ ქრისტიანობის და მერე ზოგადად დასავლური ცივილიზაციის წყალობით. ამ ცივილიზაციის წიაღში შემუშავდა ნორმატული წარმოდგენები, რის გამოც დღეს მონობის ინსტიტუტი მორალურად აღგვაშფოთებს (რაც ძალიან კარგია).

საუკუნეების - ბოდიში, ათასწლეულების - განმავლობაში მონობა აბსოლუტურად ნორმალური ინსტიტუტი იყო და არავის მოსდიოდა თავში აზრად, ებრძოლა მის წინააღმდეგ. სხვა ამბავია, რომ ადამიანებს არ უნდოდათ, მონები ყოფილიყვნენ - ერჩივნათ, იქით ჰყოლოდათ მონები. ყველასათვის ცნობილი სპარტაკი მონობას, როგორც ასეთს, არ ებრძოდა - ამის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს. მაგრამ სპარტაკს და მასთან ერთად აჯანყებულებს უნდოდათ, თავად დაეღწიათ თავი მონობისთვის.

აფრიკელთა მონობა შავი ლაქაა ამერიკის ისტორიისთვის. მაგრამ ის სწორედ ამერიკისთვისაა შავი ლაქა, რადგან ამერიკა თავისუფლების იდეაზე იყო დამყარებული და მონობის ინსტიტუტი ამასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. საბოლოოდ, ეს საკითხი ისევ თეთრკანიანმა ამერიკელებმა გადაწყვიტეს სისხლიან სამოქალაქო ომში - სხვანაირად ვერ შეძლეს.

კიდევ ერთხელ: მონობა გაუსაძლისი მდგომარეობა იყო არა ზოგადად, არამედ სწორედ ამერიკაში, რადგან ამერიკა თავისუფლების ქვეყანა იყო. შავკანიანი მონები ჯერ აფრიკელებმავე დაამონეს და შემდეგ გაყიდეს - ხან არაბ შუამავლებზე, ხან პირდაპირ თეთრებზე. არც იმ აფრიკელებს და არც შუამავლებს არ უფიქრიათ, რომ რაიმე არასწორს აკეთებდნენ - ჩვეულებრივი ბიზნესი იყო. მაგრამ ამერიკის კონტექსტში მონობა მორალურად მიუღებელი ინსტიტუტი გახდა (ყველასათვის არა - თუმცა, საბოლოოდ, ყველასათვის).

არ ვიცი, რას აკეთებდნენ ჩემი მეგრელი წინაპრები ორი თუ მეტი საუკუნის წინ, მაგრამ ვერ გამოვრიცხავ, რომ ისინიც მონებით ვაჭრობაში იყვნენ ჩართული. ძალიან არ მინდა, ასე იყოს, მაგრამ ვერ გამოვრიცხავ. ეს მაშინ ნორმალურ ბიზნესად ითვლებოდა და მასში ჩართულ ხალხს სინდისი ამის გამო არ აწუხებდა.

მოკლედ, არჩევანი გვაქვს: დასავლურ ცივილიზაციას შევუტიოთ იმის გამო, რომ ოდესღაც ზოგ მის წარმომადგენელს (მსოფლიოს სხვა ნაწილების მსგავსად) მონები ჰყავდა, თუ ვაღიაროთ, რომ სწორედ დასავლური ცივილიზაციის დანერგილი ნორმების წყალობით, დღეს მონობა უნივერსალურად მიუღებელი ინსტიტუტი გახდა

წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ზე.

კომენტარები