საკონსტიტუციო ცვლილებები

კალაძე: გაკვეთილია, რომ მავანთ დემოკრატული პროცესებისთვის ხელის შეშლა არ გამოუვიდათ

საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა. ისტორიული და, ისტორიულზე მეტად, ლოგიკური ამბავია. ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა აქამდე და მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გამოავლინა პოლიტიკური ნება და გამბედაობა ამ ცვლილების განსახორციელებლად.

ეს არის იმ ფაქტის კიდევ ერთი დემონსტირება, რომ ქვეყანა დემოკრატიის შეუქცევად გზაზე დგას და ვერავითარი ძალა ამ რეალობას ვერ შეცვლის.

მთელი ეს პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა ქვეყნის მოსახლეობის, ჩვენი პარტნიორების და მეგობრების თვალწინ და ამ პროცესში ნათლად გამოჩნდა, ვინ ვინ არის, ვის რა ინტერესი აქვს.

პოლიტიკური პროცესის დინამიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან ოპონირება, პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობა. გასაგებია ყველაფერი პოლიტიკური ქულების მოპოვების გზაზე, გარდა ღია კონფრონტაციისა, როცა თვალნათლივ ჩანს, რომ ვიწროპარტიული ინტერესია უმთავრესი ზოგიერთებისთვის და არა ქვეყნის მომავალზე ზრუნვა.

არ გამოვიდა დემოკრატული პროცესებისთვის ხელის შეშლა, არ გამოვიდა პროცესის სათავისოდ გამოყენება მავანთა მხრიდან. კარგია, გაკვეთილია ...

მადლობა ყველა ჯანსაღად მოაზროვნე და ჯანსაღად მოქმედ პოლიტიკოსს

თბილისის მერი, კახა კალაძე საკონსტიტუციო ცვლილებების III მოსმენით მიღებას Facebook-ზე ეხმაურება. ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, რადგან ისინი 8 მარტის შეთანხმებისა და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების სრულად შესრულებას - პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ.

კომენტარები