კახა კალაძე

კალაძე: ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვნებების ფონზე ამხელა ქალაქის მართვა რთულია

ეს თემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამომავლოდ, ისევ და ისევ თბილისისთვის და თბილისელებისთვის. მე მინდა, დავიწყო შაბათი დღით, როდესაც ჭავჭავაძის გამზირზე ახალი გადაწყობილი სისტემით დაიწყო მოძრაობა და მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა მძღოლს, ვინც ამ დღეს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, მის მიმდებარე ქუჩებზე და მოუწია გარკვეული დროით საცობში დგომა. 

ადამიანურად ნამდვილად მესმის თქვენი, მეც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ, მეც ვმართავ ავტომობილს და გადავადგილდები ყოველდღიურად ქალაქში და, რა თქმა უნდა, თქვენ ადგილზე მეც იგივე განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა. აბსოლუტურად მესმის თითოეული თქვენგანის და კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოგიხადოთ. 

მაგრამ, მე მინდა დავიწყო ცოტა შორიდან - როდესაც ჯერ კიდევ მინისტრი ვიყავი და გუნდმა შემომთავაზა, რომ ვყოფილიყავი მერობის კანდიდატი. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, არ ველოდებოდი ნამდვილად. ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ვიცეპრემიერი, მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებდით ენერგეტიკის მიმართულებით და არ ველოდებოდი ამ შემოთავაზებას. ამ შემოთავაზების შემდეგ ვითხოვე რამდენიმე დღე, რადგან კარგად მესმის, რამდენად რთულია ამხელა ქალაქის მართვა ქვეყანაში არსებული მიგრაციისა და პოლიტიკური ვნებების ფონზე. შეიძლება ვინმესთვის დედაქალაქის მერობა, ეს სტატუსი, იყოს გარკვეულწილად მიმზიდველი, შეიძლება ვიღაცისთვის რაღაც პრივილეგია იყოს. პირადად ჩემთვის, ამას ვამბობ სრული გულწრფელობით, ჩემი თანაგუნდელებისთვის, აქ მჯდომი თითოეული ადამიანისთვის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მსახურება - მსახურება თბილისისა და თბილისელების წინაშე.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე საუბრისას.

კომენტარები