არჩევნები 2020

ნოდია: "ეჭვს არგუმენტი არ უნდაო" – ელისაშვილის ეს გამონათქვამი უპასუხისმგებლობის პიკია

"ეჭვს არგუმენტი არ უნდაო" – ეს გამონათქვამი უპასუხისმგებლობის პიკია. განა მარტო ალეკო ელისაშვილი იქცევა ასე, მაგრამ ასეთი ფორმულის სახე მგონი მან პირველმა მისცა: ვისაც მინდა, რასაც მინდა, დავაბრალებ, ახლა დასაბუთება და რაღაცები არ მომთხოვოთ.

მის მიმართაც ნებისმიერს შეუძლია თქვას – მაგალითად, რომ იმავე ბიძინას დავალებით აკეთებს, რასაც აკეთებს, ან რომ რუსეთის მოგზავნილია, ან ჩინეთის და რომ კითხავენ მთქმელს, საიდან იციო, ასე მგონია და მორჩა, ეჭვს არგუმენტი რად უნდაო.

ადრე ესე "აგვაგდო", ეკა ბესელიას და მანანა კობახიძის კორუმპირებულობაზე უტყუარი საბუთები მაქვსო, მერე აღმოჩნდა, რომ არც არაფერი არ ჰქონია და ჰაერზე ლაპარაკობდა. კვირიკაშვილს ხან უკანასკნელი არაკაცი უწოდა, ხან შესანიშნავი პიროვნება და ბრწყინვალედ იმართლა თავი: ორივე შემთხვევაში გულწრფელი ვიყავიო.

ჩავთვალოთ, რომ ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში "გულწრფელი" იყო, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ამ კაცის რაიმე ნათქვამი ვინმემ სერიოზულად რატომ უნდა მიიღოს? ღმერთმა დაიფაროს და რამე სერიოზულ თანამდებობაზე რომ ავირჩიოთ და მერე ათასნაირი სისულელეები "გულწრფელად" ილაპარაკოს და აკეთოს, მერე იტყვის, გულწრფელი ხომ ვარ, მეტი რა გინდათო, ჭკუას და ლოგიკას ნუ მთხოვოთო.

წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ალეკო ელისაშვილზე, რომელმაც 5 აგვისტოს თქვა, რომ იგი ეჭვობს, რომ ჩხარტიშვილის პროექტის შემსრულებელი გიგა ბოკერიაცაა. არგუმენტად კი ამბობს, რომ "ეჭვს არგუმენტი არ უნდა".

კომენტარები