კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე 24-ე გარდაცვლილზე: 70 წლის კაცია, 3 და 4 სექტემბერს COVID-19-ზე იყო უარყოფითი

იმედი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული გაყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი 70 წლის კაცია. ენდელაძის თქმით, მას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა და 3 და 4 სექტემბერს ორჯერადი ტესტირებით კორონავირუსი აღარ უდასტურდებოდა. 

"დღეს დილის 8 საათზე ჩვენთან გარდაიცვალა 1 პაციენტი, რომელიც იყო კლინიკაში შემოსული 18 აგვისტოს. ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები, კერძოდ, ის იყო ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები. ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედაწილოვანი თრომბოემბოლია. 

მისი მდგომარეობა COVID-19-ის მხრივ გარკვეულწილად გაუმჯობესდა, იმიტომ, რომ უკვე 3 და 4 სექტემბერს ორჯერადი დატესტვით იყო უარყოფითი. 11 სექტემბერს ისევ უარყოფითი იყო, მაგრამ მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო, რაც შეეხება ონკოლოგიურ პათოლოგიას და კიდევ მრავალ პათოლოგიას, პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა. იყო 70 წლის მამაკაცი." - თქვა მარინა ენდელაძემ. 

სულ საქართველოში კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 643 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები