დავითგარეჯა

დავითგარეჯის წინამძღვარი: ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ ღალატი მელაშვილის დონეზე დაიგეგმა

ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ ქვეყნის ეს ღალატი ივერი მელაშვილის დონეზე დაიგეგმა, მაგრამ ამ პიროვნებას თვისი წილი დანაშაული აქვს მოსანანიებელი. ბევრჯერ ვესაუბრე მას და ვაფრთხილებდი - რას აკეთებ, თავს იღუპავ-მეთქი! მაგრამ ეს კაცი ამაზე არნახული ირონიით რეაგირებდა! ახლა რომ გამოდის და წყლიანი თვალებით საუბრობს... მაშინ მეუბნებოდა: თქვენ, მამაო, დილეტანტი ხართ, თქვენ ამაში ვერ ერკვევითო. ამ დროს უკვე შეგროვილი მქონდა ყველა საბუთი, რუკები, დოკუმენტები, მაგრამ არ უნდოდა ამ კაცს ამის დანახვა.

მარტო მე კი არ მეუბნებოდა, დილეტანტი ხარო, იმავეს ეუბნებოდა ნოდარ ხორბალაძეს, რომელიც არის შეიარაღებული ძალების კარტოგრაფიული დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი, გეოდეზისტი, პროფესორი, მეცნიერი. როდესაც ასეთი პიროვნება ეუბნებოდა მელაშვილს, რომ აქ შეცდომებია დაშვებულიო, მას ამაზე ჰქონდა მხოლოდ ერთი პასუხი: თქვენ დილეტანტი ხართო.

ამ დროს ივერი მელაშვილი კარტოგრაფიც არ არის! ჰოი, საოცრებავ! ის გახლავთ მიწათმომწყობი. ესაა ყველაზე დაბალი, პირველი საფეხური კარტოგრაფიაში! თუ გინახავთ სოფლად მიწას რომ ზომავენ ერთმეტრიანი ფარგლით, აი, ამ ხელობის კაცია. ამას სავსებით სერიოზულად ვამბობ. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ბაგა-ბაღის აღსაზრდელი ეუბნებოდა აკადემიკოსს, გეოდეზისტს, მეცნიერს, შენ დილეტანტი ხარო! უტიფრობის მწვერვალი იყო ეს ყველაფერი. ამას გაძლება და ნერვები უნდოდა...

კაცი დღემდე არ ნანობს, დღემდე უტიფარია, დღემდე შოუებს დგამდა, სანამ დაიჭერდნენ, ჩამოვიდა გარეჯში და იქ ითვალთმაქცა. აგათა კრისტის აქვს თავის ნაწარმოებში, - შეუძლებელია, დამნაშავე თავისი დანაშაულის ადგილზე არ მივიდესო. აი, ჩამოვიდა გარეჯში და კომენტარებს აძლევდა ჟურნალისტებს: მე ამას როგორ შევეხებოდიო!

ამ დროს ამ კაცს წლების განმავლობაში ვეუბნებოდი, დანაშაულს ჩადიხარ-მეთქი და პასუხად მხოლოდ დამცინოდა, დილეტანტი ხარ, უცოდინარი ხარ, ეგ საბუთები მე არ მაინტერესებსო! ადამიანი ვერ ნანობს! რომ შეინანოს, ადამიანობას დაიბრუნებს.

დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტი კირიონის წარმოთქმულ სიტყვას TV „ქართულ არხი“, გადაცემა „უცნობის კიდობანში" საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებრივი ურთიერთობის სამსახური აქვეყნებს

კომენტარები