ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს და როცა არ უნდა გამოვლინდეს ეს, თუ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და მით უფრო ერთ გოჯ მიწასაც კი ყიდის, რა თქმა უნდა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამასთან არ გვაქვს საქმე.
ეს არის პოლიტიკური დევნა, ეს არის პოლიტიკური საქმე, ეს არის არჩევნებისთვის წინასწარ ხმებისა და ქულების ჩასაწერად და პატრიოტების გულის მოსაგებად გადადგმული ნაბიჯი. ორი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი ჩასვეს ციხეში, ადამიანები, რომლებზეც თავად პროკურორიც კი ამბობს, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და, შესაძლოა, ოდესმე მათ ქმედებას ქვეყნისთვის რამე ცუდი მოჰყოლოდა. ეს არის სამარცხვინო, გასული საუკუნის 30-იანი წლების საუკეთესო ტრადიციებში ნაბიჯი და ამ ლაქას ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ვერასოდეს მოიშორებს.
არანაირი ხელშეკრულება აზერბაიჯანთან წლების განმავლობაში, ლამის დამოუკიდებლობის დღიდან არ დადებულა, არცერთი გოჯი მიწა არავის არ გადაუცია და ძალიანაც რომ ნდომოდათ ამ ადამიანებს მიწის გადაცემა, ამას ვერ მოახერხებდნენ, იმიტომ, რომ ამ კომისიის მუშაობის მერე ამტკიცებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდეგ პრეზიდენტი, შემდეგ პარლამენტი.